პოლიტიკა
ბაიდენი სააკაშვილს შეხვდა

baiden_saakashvili_romსაქართველოში უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხები, ასევე, რუსეთის მსო-ში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები იყო განხილული აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის რომში 1 ივნისს გამართული შეხვედრის დროს, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ბაიდენი და სააკაშვილი რომში იტალიის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს ესწრებიან.

ბაიდენმა და სააკაშვილმა „შეხვედრისას განიხილეს საქართველოში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის ის საკითხები, რომლებიც [საქართველოსა და აშშ-ის] საერთო ინტერესებს წარმოადგენს, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესრელიზში.

„ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა. ვიცე-პრეზიდენტმა პრეზიდენტ სააკაშვილს მადლიერება გამოუხატა იმ ახალი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთში უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებში [ISAF] შეაქვს და რომლითაც საქართველო ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ISAF-ში ყველაზე დიდ კონტრიბუტორად გახდის“, – განაცხადა თეთრმა სახლმა.

იქვე ნათქვამია, რომ ბაიდენმა „ასევე, გამოხატა მხარდაჭერა შვეიცარიის შუამდგომლობით საქართველოსა და რუსეთს შორის, რუსეთის მსო-ში წევრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებისადმი“.

უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს „ძალიან თბილი შეხვედრა“ იყო, რომლის დროსაც „ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“ იქნა განხილული.

ბოკერია სააკაშვილსა და ბაიდენს შორის შეხვედრას ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიასა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძესთან ერთად ესწრებოდა.

გორდაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბაიდენმა საქართველოს რეფორმებისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, ბაიდენისა და პრეზიდენტ ობამას პოზიციაა, რომ რუსეთმა მსო-ში გაწევრების საკითხი საქართველოსთან უნდა მოაგვაროს და რომ ამ მხრივ არავინ, არც აშშ და არც სხვა რომელიმე ქვეყანა, თბილისზე ზეწოლას არ განახორციელებს. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გორდაძემ.