საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. მინდა, ჩვენს ხალხს სრული პასუხისმგებლობით განვუმარტო, რომ მთელი ეს ვითომ სკანდალები, აჟიოტაჟი და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მკაფიო განცხადების შემდეგ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება, დაიწყო უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი.
„მას შემდეგ, რაც მე, ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით, მათ შორის ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ არანაირი, არავითარი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება საქართველოში, დაიწყო ამ უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი. გახსოვთ ჯერ კიდევ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ რაღაც ბრალდებები რძეზე, ყველზე, ახლა კიდევ მოვისმინეთ ხორბალი, ამას დაემატა პირდაპირი, დეკლარირებული აღიარება უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ სხვა განცხადებებიც, რომელიც უკავშირდებოდა ანალოგიურ განზრახვას და სამწუხაროდ, დამწუხრებით მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ თითქოს ჩვენ, ქართული ხელისუფლება არ ვართ ომისთვის მზად და არ გავაკეთებთ ომს და რომ ამას სააკაშვილი გააკეთებდა. ჩვენ ეს კარგად ვიცით, მეგობრებო. სააკაშვილმა ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა თავიდან არ აარიდა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ომი და შედეგად ქვეყანა დაინგრა. დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო სააკაშვილი, აქ იქნებოდა ომი. აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს. ეს იყო განზრახვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ ჩამოვიდა საქართველოში სააკაშვილი? სააკაშვილი ჩამოვიდა ერთი მიზნით - მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების მკვლელობები და მომხდარიყო გადატრიალება. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ნიშნავდა ოკუპირებულ ქვეყანაში ახალი ომის დაწყებას. გესმით საერთოდ, რამხელა ბინძური პროვოკაცია ავარიდეთ ჩვენ ყველას?“, - განაცხადა პრემიერმა.