საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ს არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა დუგლას მაკგრეგორმა ესპანურ El Mundo-ს ინტერვიუ მისცა, რომლის მთავარი თემა უკრაინაში ოპერაცია იყო. მკითხველს ვთავაზობთ სამ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:
...რუსულმა ძალებმა გააკეთეს ის, რასაც ჩვენ დასავლეთში არ ველოდით. ისინი უტევდნენ გრძელ ფრონტზე, 500-დან 800 მილამდე, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების გამოყენებით, რომელთაგან თითოეული რიცხოვნობით 700 კაცს შეადგენდა. ამ ფორმირებებს ევალებოდათ თავიდან აეცილებინათ თანმხლები ზარალი და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავებთან დაკავშირებული არტილერიით უკრაინის სახმელეთო ძალების იდენტიფიცირების, იზოლაციის და განადგურების დროს. პროცესს ხელს უწყობდა რუსეთის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების სარაკეტო თავდასხმები, რომლებმაც გაანადგურა უკრაინის სარდლობა და მართვა. ამ მიდგომამ შეანელა ოპერაციის ტემპი, მაგრამ უკრაინელებს კონტრშეტევის დაწყების საშუალება არ მისცა. ამავდროულად, უკრაინული ძალები იძულებულნი გახდნენ გადაენაცვლათ დასახლებულ ადგილებში ან უკან დაეხიათ დონბასის სამხრეთ-აღმოსავლეთით აშენებულ სიმაგრეებში. ამგვარად, კონფლიქტის საწყისმა ეტაპმა მოსკოვი უზრუნველყო მუდმივი ინიციატივით და კიევი გარდაუვალი დამარცხებისთვის განწირა.
...ვაშინგტონის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, განეგრძო კონფლიქტი რუსეთისთვის ზიანის მიყენების მიზნით, უკრაინის ნეიტრალიტეტის, სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ავტონომიის ან დამოუკიდებლობის თავდაპირველი მიზნები, ასევე ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება ჩანაცვლდა ახალი მიზნებით. სავარაუდოდ, მათ შორის არის უკრაინის მუდმივი დაყოფა დნეპრის ხაზის გასწვრივ, რის პირობებშიც ოდესა და შავი ზღვის სანაპირო რუსების ხელში გადავა. გაურკვეველია შეინარჩუნებს თუ არა მოსკოვი დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროს კიევის რაიონში, მაგრამ ტერიტორია ხარკოვის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით გამოეყოფა უკრაინას, როგორიც ის დღეს ჩვენთვისაა ცნობილი.
...აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულენოვანთა უმეტესობა თანაუგრძნობდა მოსკოვს. თუმცა რუსეთმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა თავიდანვე თქვა, რომ არ მოახდენდა რუსულენოვან ტერიტორიების ოკუპაციას. დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ცნობების საწინააღმდეგოდ, ბევრი რუსულენოვანი მცხოვრები ამ ოლქში გადავიდა რუსეთის ძალების მხარეზე, მაგრამ მათ, ვინც ეს არ გააკეთეს, ასე მოიქცნენ იმის შიშით, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურები მათ სიკვდილით დასჯიდნენ, როდესაც კიევი ტერიტორიებს დაიბრუნებდა. როდესაც გაყოფა განხორციელდება, ეს საკითხი მოგვარდება.