საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უმაღლესი რადა უკრაინის კონსტიტუციას არ შეცვლის, - ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
„ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. კონსტიტუციის შეცვლა არ არის და არც არასდროს იქნება თვითმიზანი. ცვლილებებს შედეგი მოაქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ აქვთ ეფექტი. ჩვენ შეგვიძლია კონსტიტუციაში 150-ჯერ დავწეროთ რაიმე, მაგრამ თუ მას არანაირი შედეგი არ აქვს, მაშინ მხოლოდ დეკლარაციული ნორმებია“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი უკრაინის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაა და სწორედ ამისთვის მუშავდება უსაფრთხოების გარანტიები.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეალური გარანტიები. დაგვიანების ყოველი დღისთვის უკრაინის მოქალაქეები საკუთარი სიცოცხლით იხდიან. ჩემთვის, როგორც სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლისთვის, პრიორიტეტი არის ის, რომ ქვეყანაში ადამიანები არ კვდებოდნენ,“ - აღნიშნა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები ფუნდამენტურად უნდა განსხვავდებოდეს ბუდაპეშტის მემორანდუმისგან.
„თუ ჩვენ მივიღებთ გარანტიებს, გამოვიყენებთ ამ გარანტიებს და რაც წერია კონსტიტუციაში ნატოზე, ევროკავშირზე, ეს არის ჩვენი მომავლის პერსპექტიული ხედვები. ჩვენ გვჭირდება გარანტიები ახლა და არა მომავალში. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი ბუდაპეშტის მემორანდუმს მომავლისთვის, რომელსაც გადამოწმება არ გაუვლია“, - განაცხადა უმაღლესი რადას თავმჯდომარემ.
interpressnews.ge