საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. დელეგაციის წევრმა სენატორებმა ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში პრესკონფერენცია გამართეს.
ამერიკელმა სენატორებმა თბილისში გამართულ შეხვედრებსა და ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება.
„მოდით, თავდაპირველად დავიწყებ მადლობით. მინდა, მადლობა გადავუხადო ელჩ დეგნანს, ასევე მის ძალიან ნიჭიერ გუნდს, რომ დღეს შესანიშნავი ბრიფინგი მოაწყვეს ჩვენთვის. ჩვენ აქ ვართ, რათა საქართველოს მთავრობასთან ერთად აღვნიშნოთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. მე მოუთმენლად ველი ამ საღამოს, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად ამ დღის აღნიშვნას, რომ ვიზეიმოთ საერთო ფასეულობების ეს 30 წელი, საერთო ვალდებულებების 30 წელი, რაც აღებული გვაქვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის მიმართ და რაც დაკავშირებულია ღია და თავისუფალი საზოგადოების კეთილდღეობასთან. ჩვენ ასევე შევხვდით პრემიერ-მინისტრს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე, ოპოზიციის ლიდერებს, ასევე რუსეთიდან გამოსახლებულ რუს დისიდენტებს და უკრაინელ ლტოლვილებს. მე მინდა, ყველაზე მეტად, დასაწყისშივე ძალიან მოკლედ ხაზი გავუსვა, თუ რამდენად ვაფასებთ იმ პარტნიორობას, რომელიც ხორციელდება აშშ-ისა და საქართველოს ხალხებს შორის. ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს, საერთო ფასეულობები და საერთო მისწრაფებები“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.
სენატორმა ბობ კეისიმ თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს.
„მინდა, გავიმეორო და ხაზგასმით აღვნიშნო, რაც ჩემმა კოლეგა სენატორმა თქვა. დიდი მადლობა, რომ დღეს აქ ვიმყოფებით, რათა აღვნიშნოთ ჩვენი პარტნიორობის 30 წლისთავი. ჩვენ ამ პარტნიორობის ფარგლებში მადლობა გვინდა, გადავუხადოთ ქართველ ხალხს ამ დახვედრისთვის და მათი ჩართულობისთვის“, – განაცხადა სენატორმა ბობ კეისიმ.
სენატორ გარი პეტერსის თქმით, ძალიან აფასებს იმ შესაძლებლობას, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის სახით მიეცა.
„ძალიან შესანიშნავი იყო, რომ შევხვდით ელჩსა და თანამშრომლებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს. ნამდვილად დიდი პატივი იყო ჩემთვის, რომ ჩამოვედი საქართველოში. შევხვდით სხვადასხვა ადამიანს, ასევე ოფიციალურ პირებთან გვქონდა შეხვედრები. სასიამოვნოა ამ შესანიშნავ ქვეყანაში ყოფნა და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე მსოფლიოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მთელი მსოფლიო დადგეს ერთად და დემოკრატიები გაძლიერდეს ჩვენი ერთობით. სწორედ ამიტომ, მე მინდოდა, ჩემს კოლეგებთან ერთად ჩამოვსულიყავი ამ ვიზიტის ფარგლებში, რათა გაერთიანებული ხმა მიგვეწვდინა ხალხისათვის, გვეთქვა რომ დემოკრატია იქნება ძლიერი და გაერთიანებული. ჩვენ საშინელი აგრესია ვიხილეთ რუსეთის მხრიდან უკრაინელი ადამიანების მიმართ. უკრაინელები მართლაც დაუჯერებელ სიმტკიცეს და სიმამაცეს იჩენენ და ჩვენ განვაგრძობთ მხარდაჭერას ყველა მიმართულებით, როგორც ჰუმანიტარულად, ასევე სამხედრო დახმარებით. რაც იყო ყველაზე შთამბეჭდავი ამ კვირების განმავლობაში, არა ამარტო უკრაინელი ხალხის სიმამაცე, არამედ ის, რომ მსოფლიოში ყველა დემოკრატიამ გაიაზრა, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ხელი ხელს უნდა ჩავჭიდოთ, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც არის საჭირო, რათა უკუვაგდოთ აგრესია, რაც მომდინარეობს ბატონი პუტინისა და სხვებისგან. ამიტომ მინდა, მეტი გავიგო საქართველოს შესახებ და ასევე მინდა, რომ ყველას ვაცნობო საქართველოში, როგორც სენატორი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მე ვიღებ ვალდებულებას, გაგრძელდეს მხარდაჭერა საქართველოს ხალხისადმი, რათა გაძლიერდეს დემოკრატია, რომელიც ამდენი ათწლეულია, თქვენთან მსვლელობის პროცესშია“, – განაცხადა სენატორმა გარი პეტერსმა.
კონგრესმენ დევიდ სისილინის თქმით, აშშ-ის სურვილია, განაგრძოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რადგანაც საქართველო დიდ სამუშაოს აკეთებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.
„როგორც სენატორმა კუნსმა აღნიშნა, ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღვნიშნავთ ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ შესანიშნავი ქვეყნის სუვერენიტეტს. ძალიან გვინდა, რომ განვაგრძოთ მხარდაჭერა ამ ქვეყნის მიმართ, რადგანაც ის ძალიან დიდ სამუშაოს აკეთებს თავისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. ნამდვილად უნდა ითქვას, რომ დიდი პატივია აქ ყოფნა, რადგანაც ეს საერთო ფასეულობების დასტურია“, – განაცხადა კონგრესმენმა დევიდ სისილინმა.