აქტუალური
საქართველოს პრემიერმა აშშ-ის ელჩს უკრაინის დახმარების შესახებ ანგარიში ჩააბარა

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. უკრაინაში მიმდინარე ომი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორული ურთიერთობების გამყარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კი საომარი მოქმედებების დროს არ შეუჩერებიათ მუშაობა კიევში, ოდესასა და ლვოვში.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყების დღიდან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, უკრაინაში უკვე გაგზავნილია 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი და ეს პროცესი გრძელდება, საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს კი მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწიათ ყველა შესაბამისი სამსახურის მხრიდან.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მრავალმხრივ ფორმატებში საქართველო უკრაინას აქტიურად უდგას გვერდით და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების თანასპონსორია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.