საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. Freedom House-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“ (Nations in Transit), რომელიც 29 ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობას აფასებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაქსიმალური 100-დან 35 ქულა აქვს მინიჭებული და ის შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი. წინა წელთან შედარებით, საქართველოს შეფასება ერთი ქულით არის შემცირებული.
გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 2021 წელთან შედარებით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხის ქულა 3,18-დან 3,07-მდე შემცირდა (მაქსიმალური ქულა 7).
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს 2,50-დან 2,25-მდე შემცირებულია საქართველოს ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ინდექსი, რისი მიზეზიც არის 19 აპრილის შეთანხმების ჩავარდნა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავება მმართველი პარტიისა და ოპოზიციის აქტორების ქმედებების გამო.
ამავე ანგარიშით, 4,25-დან 4,00 ქულამდეა შემცირებული ასევე სამოქალაქო საზოგადოების რეიტინგი, რაც ასახავს შემწყნარებლურ გარემოს ძალადობრივი ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ის ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან 2021 წლის ივლისში თავდასხმებზე „თბილისი პრაიდზე“ და მედიის თანამშრომლებზე, რომლებიც დაგეგმილი „ღირსების მარშის“ გაშუქებას გეგმავდნენ.
ანგარიშის თანახმად, ასევე შემცირებულია სასამართლო სისტემისა და მისი დამოუკიდებლობის რეიტინგი. ამ მხრივ საქართველოს ქულამ 2,75-დან 2,50-მდე დაიკლო. ანგარიშის ავტორთა ცნობით, ეს განპირობებულია სასამართლო სისტემაში კრიზისის გაგრძელებითა და გაუარესებით, რაც გამოიხატება ოპოზიციის წარმომადგენლების საქმეების პოლიტიზებულ განხილვაში და მთავრობის მხრიდან რეფორმების განხორციელების წარუმატებლობით.