საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და რეგიონის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. მთავრობის მეთაურის თქმით, მისასალმებელია ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების განახლება. აღსანიშნავია, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სხდომა ბაქოში, სწორედ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გაიმართა. პრემიერის შეფასებით, სხდომების განახლება რეგიონული პროექტებისა და ფორმატების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საკვანძო ფაქტორია, რაც თავის მხრივ რეგიონის მიმზიდველობას გაზრდის. განსაკუთრებულად აღინიშნა სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები, როგორებიცაა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანს-ანატოლიის მილსადენი (TANAP) და ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP). შეხვედრისას ითქვა, რომ აუცილებელია არსებული პროექტების შემდგომი განვითარება, რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დასავლეთთან კავშირის უზრუნველყოფის მიზნით.

მთავრობის მეთაურის თქმით, წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებზე. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პოლიტიკისადმი. საუბარი შეეხო „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიას“.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“. პრემიერის განცხადებით, საქართველო მზადაა გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის მხრიდან ესწრებოდნენ : აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი, პარლამენტის წევრები ფაზაილ აგამალი და საბირ რუსტამხანლი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ელმარ ჰუსეინოვი და მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.