საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. საფრანგეთს, საქართველოსა და იტალიას აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში კონგრესის დელეგაციის ვიზიტს უხელმძღვანელებს აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი.
მათივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ კეისი, კონგრესმენი სტეფან მერფი, კონგრესმენი ქეითლი რაისი, კონგრესმენი დევიდ სისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი.
„დელეგაცია შეხვდება აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში, რათა განიხილონ ტრანს-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კოვიდ-19 პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
ამასთან, საელჩო ავრცელებს სენატორ კუნსის კომენტარსაც: „ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანს-ატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვუერთდები კონგრესისდელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, დაწყებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, დამთავრებული „კოვიდ-19“-ის პანდემიითა და 21-ე საუკუნეში გლობალური დღის წესრიგის შემუშავებით, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე. „ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ. მოუთმენლად ველი ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას“, – აცხადებს სენატორი კუნსი.
„რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში“, – აღნიშნა სენატორმა პიტერსმა. მისივე თქმით, ტრანს-ატლანტიკური ალიანსი მტკიცედ და თანმიმდევრულად პასუხობს ვლადიმერ პუტინს და მხარს უჭერს უკრაინის სამხედროებსა და ხალხს.
„მოუთმენლად ველი ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეხვედრას ევროპაში, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა“, – აცხადებს სენატორი პიტერსი.
გარდა ამისა, სენატორ კეისის თქმით, იმ ფონზე, როცა პუტინი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს, ტრანს-ატლანტიკური ალიანსები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
„პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით ისინი [ალიანსები] უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნა სენატორმა კეისიმ.
მისივე განცხადებით: „პუტინს შეიძლება, ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია. მოუთმენლად ველი მთავარ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გავაგრძელოთ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და საერთო ღირებულებების დაცვა“.
ამასთან, კონგრესმენ რაისის განცხადებით, მისთვის პატივია მონაწილეობის მიღება ამ მნიშვნელოვან დელეგაციაში, რათა უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა ამ არეულობის ფონზე.
„საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მოუთმენლად ველი იმის განხილვას, როგორ შეგვიძლია, გავერთიანდეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ამ უაზრო ძალადობის დასასრულებლად“, – განაცხადა მან.
კონგრესმენ სისილინის თქმით კი, პრეზიდენტ ბაიდენის წყალობით, შეერთებულმა შტატებმა დაიბრუნა ლიდერობა მსოფლიო მასშტაბით.
„ამ ვიზიტის მეშვეობით განვამტკიცებთ ჩვენი ალიანსების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში უკანონო, დაუსაბუთებელი შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით“, – განაცხადა კონგრესმენმა სისილინმა და აქვე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის შეხვედრებს და იმის განხილვას, როგორ შეუძლიათ უკეთესი მომავლის მშენებლობის გაგრძელება, „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსვლის ფონზე.
ამავდროულად, კონგრესმენ მერფის განცხადებით, პუტინის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ამერიკის ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების გავლა, ერთიანობის ჩვენება და ურთიერთობების განმტკიცება.
„ჩვენი დელეგაცია იმოგზაურებს საფრანგეთსა და იტალიაში – ამერიკის ორ უძლიერეს მოკავშირე ქვეყნებში და საქართველოში – ნატო-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოში. მოუთმენლად ველი დამატებითი ნაბიჯების განხილვას, რომლებიც შეგვიძლია, გადავდგათ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მძიმე ფასის დასაკისრებლად“, – აღნიშნა კონგრესმენმა მერფიმ.