სამართალი
2021 წლის განმავლობაში სუს-მა ტერორიზმთან დაკავშირებულ ოთხ ფაქტზე დაიწყო გამოძიება

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა, ვრცელი თავი ეთმობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში საერთაშორისო ტერორისტული გამოწვევები კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა გლობალური უსაფრთხოების გარემოში. სუს-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ძირითადი საფრთხეები მომდინარეობდა ტერორისტული ორგანიზაციებისგან: „დაეში“, „თალიბანი“, „ალ ქაიდა“. 2021 წელს, პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის გამოვლინებებს სხვადასხვა ლოკაციაზე ჰქონდა ადგილი.

„დაეშმა“ საკუთარი ბრძოლისუნარიანობის დემონსტრირება 2021 წელსაც მოახდინა. მის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის მხრიდან განხორციელებული კონტრტერორისტული ოპერაციების მიუხედავად, აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია, მსოფლიოსთვის კვლავაც ერთ-ერთ მთავარ ტერორისტულ საფრთხეს წარმოადგენს. მას ჯერ კიდევ შეუძლია სხვადასხვა ქვეყანაში ფინანსური რესურსის მობილიზება, მოქალაქეთა რადიკალიზება, რეკრუტირება და ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვა“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

რაც შეეხება „თალიბანს“, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2021 წელს, „თალიბანის“ მიერ ავღანეთის ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ტერორიზმის კუთხით რეგიონში არსებული ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

„თალიბანის“ მიერ ავღანეთში ძალაუფლების მოპოვება ტერორისტული იდეოლოგიის მხარდამჭერების მიერ მნიშვნელოვან „წარმატებად“ ფასდება. აღნიშნული შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციებისა და ცალკეული რადიკალიზებული პირებისთვის ტერორიზმის პროპაგანდის ერთგვარ მამოტივირებელ, ხელშემწყობ ფაქტორად იქცეს“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა „ალ ქაიდას“ მნიშვნელოვნად გაძლიერების ან დასუსტების ტენდენცია.

„ალ კაიდა“, ავღანეთში „თალიბანის“ მიერ ძალაუფლების მოპოვებამდე და მის შემდეგაც, ამ უკანასკნელთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს. შესაძლოა, ავღანეთში „თალიბანის“ ე.წ. მმართველობამ „ალ-კაიდას“ გაძლიერების/რესურსების მოზიდვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

სუს-ის დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2021 წლის განმავლობაში ძალადობრივი ექსტრემიზმის გამოვლინებები, კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩებოდა.

„ზოგიერთმა ჯგუფმა ექსტრემისტული შინაარსის იდეების გარშემო მოქალაქეების გაერთიანება და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება შეძლო. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვან მაპროვოცირებელ ფაქტორს, გლობალური პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვების ფონზე, საზოგადოების ონლაინსივრცეზე დამოკიდებულების კრიტიკული ზრდა წარმოადგენდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართულებით არსებული გლობალური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენდა აღნიშნული კუთხით უსაფრთხოების გარემოს მონიტორინგს, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზს, საფრთხეების იდენტიფიცირებას და შეფასებას, რის შედეგადაც, იგეგმებოდა და ხორციელდებოდა შესაბამისი პრევენციული ზომები.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აქტიურად განაგრძობდა კონტრტერორისტულ საქმიანობას.

„აღნიშნული მოიცავდა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, ინფორმაციის მოპოვებისა და გაზიარების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, საფრთხეების შემცირების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული მექანიზმების დახვეწასა და საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას. მათ შორის, მიმდინარეობდა მაღალი რისკის, ტერორისტული თავდასხმის პოტენციური სამიზნეების შეფასება და აღრიცხვა.

უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები. პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად, კონტრტერორისტულ საქმიანობაში უშუალოდ ჩართული დანაყოფების თანამშრომლები რეგულარულად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სწავლებაში.

საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობა დადებითად შეფასდა ტერორიზმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და საქართველოს ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი ინსტრუმენტები გააჩნია“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს წინაშე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომდინარე შემდეგი შესაძლო საფრთხეები და გამოწვევები არსებობს: საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმის განხორციელების მცდელობა; სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფი, „დაეშის“ და „ალ-კაიდას“ რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო შემოსვლა; უცხოელი ტერორისტი მებრძოლების, ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოში შესაძლო შემოსვლის, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით გამოყენების მცდელობა; ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შესაძლო დაფინანსება ან სხვაგვარი დახმარების გაწევა; ტერორისტული ორგანიზაციების/მათთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ტერორიზმში შესაძლო გადაბირება.

სუს-ის ინფორმაციით, სირიის არაბთა რესპუბლიკაში ამ ეტაპზე სავარაუდოდ იმყოფებიან ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში სხვადასხვა დროს მებრძოლი საქართველოს 15 მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ განაგრძობდა მუშაობას საქართველოში ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელების გამოვლენა-აღკვეთის მიმართულებით.

2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე. გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულ ხუთ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული პირები ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებას და ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში ბრძოლას აპირებდნენ. სამსახურის მიერ განხორციელებული დროული რეაგირების შედეგად, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა თავიდან იქნა აცილებული“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებულ ოთხ დანაშაულზე. ასევე, გრძელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები გასულ წლებში გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ 2022-2026 წლების საქართველოს ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.