საზოგადოება
რუსლან სტეფანჩუკი: მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის, რომელიც მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიღებით, რომელიც კიევში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, მადლობას ვუხდი მას ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს.

სტეფანჩუკის განცხადებით, უკრაინისა და საქართველოს დელეგაციების შეხვედრა ხელს შეუწყობს ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას.

„მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიღებით, რომელიც კიევში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინის და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, რასაც ჩვენი ერები ელოდება ჩვენგან.

განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი, ასევე უკრაინის აღდგენის პროცესში საქართველოს შესაძლო დახმარება.

მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა.

მსურს დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ასეთივე ძლიერი იქნება!“, – წერს რუსლან სტეფანჩუკი.