ავტობუსების გაჩერებებზე ელექტრონული მაჩვენებლები გამოჩნდა
თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ავტობუსების გაჩერებებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული მაჩვენებლების მონტაჟი დაიწყო. პირველ ეტაპზე ქალაქში 20 მაჩვენებელი დამონტაჟდა. აგვისტოს ბოლომდე კი მგზავრებით ყველაზე მეტად დატვირთულ 450 გაჩერებაზე მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ზუსტად განსაზღვროს სასურველი მარშრუტის მოსვლის დრო და დროულად გადაადგილდეს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ გაჩერებაზე დამონტაჟებული ელექტრონული მაჩვენებელი დაათვალიერა და მის მუშაობასა და დროის სიზუსტეს ადგილზე გაეცნო.
„ეს ტაბლოები ონლაინ რეჟიმში მუშაობს და მგზავრებს აბსოლუტური სიზუსტით აწვდის ინფორმაციას, თუ რამდენ წუთში მოვა მათთვის სასურველი ავტობუსი. ყოველივე ამას დაახლოებით იგივე ეფექტი ექნება, რაც შუქნიშნებზე ციფერბლატებისა და წამმზომების დაყენებამ მოგვცა. ახლა სატესტო ვარიანტი ჩაიწერა და ელექტრონული მაჩვენებლები უკვე 20 გაჩერებაზე დამონტაჟდა. აგვისტოს ბოლომდე ქალაქში არსებულ ყველა ძირითად გაჩერებებზე, სადაც რამდენიმე ავტობუსი ერთდროულად მოძრაობს, კიდევ 450 ტაბლო დამონტაჟდება“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.