საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ ძმებსა და დებს, საქართველოს ჩვენი მოქალაქეების საქართველოში მიღებისთვის, მადლობა თქვენი თანადგომისა და ზრუნვისთვის, – ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რუსლან სტაფანჩუკმა შალვა პაპუაშვილსა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს უკრაინაში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძვირფასო უკრაინელებო, დღეს განსაკუთრებული პატივი მაქვს, ვუმასპინძლო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. მინდა, მადლიერება გამოვხატო, რომ ბატონი შალვა პაპუაშვილი დათანხმდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელობას. მინდა გითხრათ, რომ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ჩვენს ურთიერთობას უკავშირდება.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ ძმებსა და დებს, საქართველოს ჩვენი მოქალაქეების საქართველოში მიღებისთვის, მადლობა თქვენი თანადგომისა და ზრუნვისთვის.
მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა ჩემი დიდი მადლიერების გამოსახატავად ჩვენი კოლეგებისა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ, მათი მუდმივი თანადგომისთვის, ჩვენი საერთაშორისო ღირებულებებისა და კურსის გაზიარებისთვის ჩვენს ბრძოლაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მიერთებასთან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან.
მე ასევე მინდა, ქედი მოვიხარო ქართველი სამშვიდობოების წინაშე, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან. ქართული ბატალიონის თითოეული ჯარისკაცი, რომელიც მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას და საკუთარი სიცოცხლე გასწირა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრეს.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ორი ქვეყნის მომავლის შესახებ გვესაუბრა. მომავალი, რომელიც გამარჯვების შემდეგ დადგება, რუსეთზე გამარჯვების შემდეგ. ეს მომავალი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ჩვენს მიზნებთან, ასპირაციასთან ევროპული კურსისა და ევროინტეგრაციის გზაზე. ეს პერსპექტივა არის უნიკალური შანსი. ეს კიდევ უფრო ნათელი და ხელშესახები გახდა საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენმა ჯარისკაცებმა ასეთი მედეგობა და სიმტკიცე გამოიჩინეს ამ ომში“, – განაცხადა რადას თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის მთელ რიგ ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებს.
„ასევე ვისარგებლე ამ შესაძლებლობით, რომ მომეწვია ჩვენი ქართველი მეგობრები, მონაწილება მიიღონ ჩვენი ქვეყნის აღდგენაში გამარჯვების შემდეგ. მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო დელეგაციას საქართველოდან, რადგან პარლამენტარები არიან ხალხის წარმომადგენლები და როგორც თქვენი ქვეყნისა და ხალხის წარმომადგენლებს, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ უკრაინელების სოლიდარობისთვის ამ ომში. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.