რელიგია
კათოლიკე ეკლესია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. კათოლიკე ეკლესია 17 აპრილს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულს წინ უძღოდა 40-დღიანი მარხვა.

თბილისის ქალწული მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში საპასექო მსახურება გაიმართა.

„ეს არის წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დღესასწაული. ამისთვის ვემზადებით განსაკუთრებულად. გვაქვს 40-დღიანი მარხვა. ერთი კვირის წინ იყო ბზობის დღე. დაიწყო ვნების კვირა, რომელიც დასრულდა სამდღეულით. ეს არის დიდი ხუთშაბათი, როდესაც ყველა კათოლიკურ ეკლესიაში ტარდება წირვა, საიდუმლო სერობა, წითელ პარასკევს გვქონდა ქრისტეს ვნების ლიტურგია, როდესაც ხდება გარდამოხსნა. დიდ შაბათს არის სიჩუმე, ვლოცულობთ – ეს არის დღე, როდესაც ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთში და იქიდან, ადამი და ევადან დაწყებული ყველა მართალი სული გამოიყვანა. ეს არის ყველაზე დიდი ღამე, როდესაც ქრისტიანმა არ უნდა დაიძინოს. ამ ღამეს ქრისტე მობრუნდა ჯოჯოხეთიდან, მან დაამარცხა სიკვდილი, დაამარცხა ცოდვა, ეშმაკი და მკვდრეთით აღდგა. მინდა, მივულოცო ყველა კათოლიკეს და არა მხოლოდ ეს დიდი დღესასწაული“, – აღნიშნა თბილისის ქალწული მარიამის ზეცად აღყვანების სახელობის კათოლიკე ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა, მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა.

ამასთან, ტაძარში შეკრებილებს საქართველოს მთავრობის სახელით დღესასწაული მიულოცა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ.