რელიგია
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.

სადღესასწაულო მსახურება საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა. საზეიმო მსახურება დიდ შაბათ დღეს, საღამოს, 19:00 საათიდან დაიწყო. წირვა მიმდინარეობდა ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის საპატიო დასწრებით. სადღესასწაულო წირვა თბილისის ეჯმიაწინის, სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში და ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა.

ამ დღეს სპეციალური წესის დაცვით ინთება ტაძრის ყველა ლამპარი და კანდელი, იხსნება ეკლესიის საკურთხევლის ფარდები და ანთებული სანთლები ურიგდება მორწმუნეებს, რის შემდეგაც აღევლინება საღმრთო ლიტურგია.

„დღეს სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. მინდა, მივულოცო ყველა იმ ქრისტიანს, ვინც დღეს აღნიშნავს ბრწყინვალე დღესასწაულს. დაე, გამარჯვებულმა იესო ქრისტემ თავისი აღდგომით მშვიდობა მოიტანოს, რომელიც ამწუთას ძალიან გვაკლია. დაე, ამის შემდეგ მშვიდობაში ვიცხოვროთ“, – აღნიშნა სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა, მამა კირაკოს დავთიანმა.