საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ტრადიციული ეროვნული სამოსის მეცნიერულად შესწავლის მიზნით, სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალ საგრანტო კონკურსს აცხადებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა კონკურსი დღეს, 1 ივნისს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტრადიციულ ქართულ ჩოხებში გამოაცხადეს.კვლევის მიზანია ტრადიციული ეროვნული სამოსის ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, სოციალური, სამეურნეო და სხვა ასპექტების კვლევის ხელშეწყობა და, რაც მთავარია, ქართველოლოგიური კვლევების დაფინანსებაში ბიზნესსტრუქტურების მონაწილეობის სტიმულირება.
სამეცნიერო კვლევის გარდა კონკურსს შედეგად უნდა მოჰყვეს ეროვნული სამოსის შესახებ ილუსტრირებული ენციკლოპედიური სახის ქართულ-ინგლისური გამოცემა და კვლევის შედეგების პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კონკურსი ქართული ტრადიციული სამოსის მეცნიერული კვლევის ხელშესაწყობად პირველად იმართება. კვლევის მაქსიმალური ხანგრძლივობა 18 თვეა, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 70 ათას ლარს.
აღსანიშნავია, რომ ქართული ტრადიციული სამოსის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, დღემდე არ მომხდარა მისი სამეცნიერო შესწავლა. კვლევის შედეგად გამოცემული ენციკლოპედია ძალზე ინფორმატიული იქნება ქართული კულტურით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მათ შორის, უცხოელი სტუმრებისთვის, სპეციალისტებისთვის კი სამაგიდო წიგნი გახდება.