სამართალი
როგორც მთავარი პროკურატურის ვებგვერდი იტყობინება, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანს, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძეს აღმკვეთ ღონისძიებად 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
„2011 წლის 31 მაისს საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებულ ბადრი რეზოს ძე ბიწაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს – ასი ათასი ლარის, გამოყენების შესახებ. 2011 წლის 1 ივნისს სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა პროკურატურის შუამდგომლობა“, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.როგორც ცნობილია, ბიწაძეს ბრალად წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციაზე თავდასხმების ორგანიზება ედება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინათ ნინო ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქმრისთვის გირაოს გადახდას არ აპირებს, რადგან მის გარდა ციხეში უამრავი უდანაშაულო ადამიანი ზის.