სამართალი
საქართველოში კონსერვატიული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ ოფისების დარბევა გრძელდება

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. „ალტ ინფოს“ ბათუმის ოფისთან ხმაური იყო. ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე ოფისთან მივიდა და შენობის კარს საღებავი შეასხა.

მისი თქმით, საქართველოში რუსული ოფისების ადგილი არ არის.

საქართველოში რუსულ ოფისებს არ გავაჭაჭანებთ. ესენი არიან გამყიდველები და მოღალატეები. გვითხრან, რამდენად ჰყიდიან სამშობლოს და შევუგროვებთ ფულს. ვიდრე ცოცხალი ვარ, ამათ შევებრძოლები, – განაცხადა ხათუნა ბერიძემ.

„ალტ ინფოს“ წარმომადგენელმა გოგა ქადიძემ კი განაცხადა, რომ წარმოადგინონ დოკუმენტი და დაამტკიცონ, რომ მათ რუსეთი აფინანსებს.

ესენი ვერ გვასწავლიან, როგორ უნდა მოვიქცეთ, ეს არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. დამიდონ ერთი დოკუმენტი, რომ რუსეთი მაფინანსებს. მეც მიმაჩნია, რომ ომია უკრაინაში, ომი დაიწყო რუსეთმა და ეს არის საზიზღრობა. ამათ უნდათ, რომ ომი გაჩაღდეს ჩვენთანაც“, – განაცხადა გოგა ქადიძემ.

ამასთან, ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, სადაც „ალტ ინფოს“ გუნდის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობა“ ოფისი მდებარეობს.

მოქალაქეები ოფისის წინ შეიკრიბნენ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებს პრორუსული ძალა, ქვეყნის მოღალატეები უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ერთმანეთს გვერდით თუ არ დავუდგებით, დავმარცხდებით. ოზურგეთი რუსული პარტიების ადგილი არ არის. ჩვენ ვართ აქ, რათა დავიცვათ თავისუფლება. რუსული პარტიები ვერ იბოგინებენ როგორც გურიაში, ასევე მთლიანად საქართველოში. აქციები გაგრძელდება, ვიდრე ეს ოფისი არ დაიხურება. მივიდეთ ყველა ასეთ ოფისთან და გავაპროტესტოთ, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.