აქტუალური
ოთარ შამუგია: ხორბლისა და ფქვილის მარაგი გვაქვს

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყანაში შაქრის, ფქვილისა და ხორბლის მარაგი არის და ამ მხრივ, შეფერხება არ არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენდნენ.

მინისტრის თქმით, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება მომავალში ქვეყანამ ადგილობრივი წარმოება გაზარდოს, რათა იმპორტდამოკიდებულება ნაკლები იყოს.

„დღეს, რეალურად ბაზარზე რაც არსებობს, ანუ ხორბლის და ფქვილის შესაბამისი მარაგი გვაქვს და ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. რა თქმა უნდა, სამომავლოდ მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ადგილობრივი წარმოების, თვითუზრუნველყოფის ზრდაზე. ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი და ღონისძიება, რასაც გავატარებთ, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე“, - განაცხადა შამუგიამ.

მინისტრმა ასევე პურის ფასზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვითარების მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება და ფასების მნიშვნელოვანი ცვლილებების შესაბამის ღონისძიებებზე იმსჯელებენ.

„ფართო მოხმარების პურზე, ვიტყოდი, ფასი გაზრდილი არ არის, თუმცა ძალიან რთული იქნება პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ხვალ და ზეგ. იცით, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე რეალობა იცვლება, თუმცა რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც იქნება მთავრობა იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეისთვის ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ მარაგები იყოს და არ შეიქმნას პრობლემა, ამის მონიტორინგს მუდმივად ვაწარმოებთ. რა თქმა უნდა, ასევე ვაკვირდებით ფასებს და თუ დავინახავთ ამ საკითხზე მნიშვნელოვან ცვლილებებს, შემდგომ მოხდება მსჯელობა, თუ რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ამ კუთხით“,- განაცხადა შამუგიამ.

რაც შეეხება შაქრის დეფიციტს, რომელიც მინისტრის განმარტებით, გარკვეული პერიოდი გაგრძელდა, ეს გამოწვეული იყო სრულად პანიკური შესყიდვებით.

„მითუმეტეს შაქარი არ არის ის პროდუქცია, რომელიც შემოდის იმ ბაზრებიდან, სადაც დღეს ომია - ეს პროდუქტი არც რუსეთიდან და არც უკრაინიდან არ შემოდის, შესაბამისად, არ ჰქონდა საფუძველი პანიკას, რომელიც გარკვეული პერიოდი გაგრძელდა. შემდგომ ყველამ დაინახა, რომ მარაგების მხრივ პრობლემა არ იყო და სიტუაციაც დასტაბილურდა. ჩემი სამსახურებიდან მაქვს ყოველდღიური ინფორმაცია და იმპორტიორებთან კოორდინაცია, თუ რა მარაგია ქვეყანაში ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე, რის იმპორტს ველოდებით, რა არის გზაში. შესაბამისად, ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის“, - განაცხადა შამუგიამ.