სამართალი
მთავრობა-პრეზიდენტს შორის საკონსტიტუციო დავისთვის საჭირო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ქართული ოცნების დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს საკონსტიტუციო დავებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები, რომლებიც მთავრობას შესაძლებლობას მისცემს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაჟღერებული საკონსტიტუციო დავა დაიწყოს.

მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებს აქვთ კომპეტენციების ფარგლების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კითხვები მოპასუხე მხარის მიერ მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. ცვლილებების მიხედვით კი – სარჩელის შეტანის სამართლებრივ საფუძვლებს ცნება – „მოქმედება ან უმოქმედობა“ დაემატება.

კანონს, სავარაუდოდ, მომდევნო ორ მოსმენაზე 15 აპრილამდე მიიღებენ, რამდენადაც ქართული ოცნება კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

საკანონმდებლო ცვლილებები ქართულმა ოცნებამ მარტის ბოლოს, მას შემდეგ დააანონსა, რაც მმართველ პარტიაში თქვეს, რომ მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავას იწყებდა.

ქართული ოცნების მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია რამდენჯერმე დაარღვია, მათ შორის, პარიზსა და ბრიუსელში ბოლოდროინდელი ვიზიტებით და ელჩების დანიშვნაზე უარით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების მიერ ამ კანონპროექტის ინიცირება ცალსახად მიუთითებს მათი მხრიდან პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაზე“.