საქინფორმი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შსს-მ 27 მაისს თავისუფლების მოედანზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე, ორი დაღუპული იპოვა, რომლებიც, შსს-ს ვარაუდით, მაღალი ძაბვის სადენებს ემსხვერპლნენ.
თუმცა გამოჩნდნენ პიროვნებები, რომელთაც არ სჯერათ ოფიციალური ვერსიის, რადგან ერთ-ერთი დაღუპული – ნიკა კვინტრაძე, მეგობარმა ამოიცნო 26 მაისს გავრცელებულ ფოტოზე, სადაც იგი ხელფეხშეკრული ასფალტზე პირქვე წევს, ჯერ კიდევ ცოცხალი.
გავრცელებული სხვადასხვა ვერსიით, ორივე დაღუპული დარბევის დროს სასტიკად იყო ნაცემი. როგორ აღმოჩნდა ხელბორკილდადებული ნიკა კვინტრაძე მაღაზიის სახურავზე, სადაც მხოლოდ გისოსებზე აძრომითაა შესაძლებელი მოხვედრა, სამართალდამცველებს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.ნიკა კვინტრაძის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა პროზექტურაში მანამ ჩაუტარდა, ვიდრე მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს შეატყობინებდნენ. შვილის ცხედრის ამოცნობის შემდეგ ნიკა კვინტრაძის მამა გულის შეტევით გარდაიცვალა.
რაც შეეხება მეორე პიროვნებას, იგი აღმოჩნდა ვანის რაიონის მკვიდრი სულიკო ასათიანი, რომელიც თბილისში „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ აქციებში მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა.
სულიკო ასათიანი 28 მაისს თავგაჩეხილი გადაასვენეს მშობლიურ სოფელში.
ორივე შემთხვევაში ოჯახებმა მამა-შვილი დაკარგეს, რადგან სულიკო ასათიანის ვაჟი 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა და 2009 წელს შვილდაღუპულ მამას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად გადასცა გორგასლის ორდენი.