საზოგადოება
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ლაშა ტუღუში და ვასილ მაღლაფერიძე დაამტკიცა

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი ახალი წევრი დაამტკიცეს.

სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ლაშა ტუღუშის კანდიდატურა დამტკიცდა 108 მომხრე ხმით, არცერთის წინააღმდეგ.

„ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით წარდგენილ ლია შავგულიძეს ორმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა, მომხრე იყო მხოლოდ 31 დეპუტატი, რაც სამეურვეო საბჭოს წევრად დასამტკიცებლად საკმარისი არ იყო.

„ქართული ოცნების“ კვოტით წარდგენილი ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა დამტკიცდა 83 მომხრე ხმით, 19-ის წინააღმდეგ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კვოტით წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერაზე უარი თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით წარდგენილ კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.