სამართალი
საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის ახალი მოწვევის „პარლამენტმა“ გუშინ პირველი სხდომა ჩაატარა და 32 წლის ლაშა აშუბა ახალ სპიკერად აირჩია.
აშუბას მხარი ფარული კენჭისყრით 33-მა „დეპუტატმა“ ერთსულოვნად დაუჭირა. აფხაზეთის „საკანონმდებლო ორგანო“ 35 წევრისგან შედგება, თუმცა 2 „დეპუტატის“ ასარჩევად განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
აშუბა თემურ ბერიასთან, ასტამურ არშბასთან, ალხას ჰაგბასთან, ვენორი ბებიასთან, ლევონ გალუსტიანთან და აშოტ მინასიანთან ერთად, იმ შვიდ „დეპუტატთაგანია“, რომლებმაც მანდატები წინა 2017-2022 მოწვევის „პარლამენტიდან“ შეინარჩუნეს.
საგულისხმოა, რომ ლაშა აშუბას მამა, ნუგზარ აშუბა 2002-2012 წლებში ასევე „პარლამენტის თავმჯდომარის“ პოსტზე მსახურობდა.