საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ უკრაინაში მიიწვია მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რათა საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება ქვეყანაში.
მისივე თქმით, 13 აპრილს შალვა პაპუაშვილთან ექნება სატელეფონო საუბარი და სურს, კიდევ ერთხელ დაადასტუროს მიწვევა.
„მე მოვიწვიე მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი, რათა ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის სპიკერი, მქონდა მასთან საუბარი და ჩვენ შევთანხმდით, რომ ხვალ მასთან მექნება ოფიციალური ზარი, კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო ჩემი მოწვევა. მზად ვარ, მასთან განვიხილო ყველა დეტალი მისი უკრაინაში ვიზიტისა. ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები, მე მას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ მექნება შესაძლებლობა, შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.
ამასთან, სტეფანჩუკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას აპირებს.
„გარდა ამისა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ დელეგაციას საქართველოს პარლამენტიდან, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას. იქ არის ძალიან ბევრი ცნობილი პარლამენტარი. ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას ყველაფერს, რათა უკრაინაში ვიზიტი წარიმართოს წარმატებით, რომ ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტარებმა საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება უკრაინაში“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა „იმედთან“ ინტერვიუს დროს.