საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ცხინვალის სადემარკაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 12 აპრილს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 106-ე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ეუთოსთან ერთად IPRM-ის შეხვედრების თანაფასილიტატორია, განაცხადა, რომ მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს თვითნებური დაკავებებისა და „ბორდერიზაციის“ შემთხვევებზე, ასევე ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში არსებულ ვითარებაზე და ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვაზე.
თანაფასილიტატორებმა – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ვიორელ მოჩანუმ ყურადღება გაამახვილეს ოძისის გამშვები პუნქტზე, რომელიც 2.5 წელზე მეტია დაკეტილია და რომელიც ოკუპირებული ახალგორის რაიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს.
ელჩმა შჩიგელმა მოახლოებული მართლმადიდებლური აღდგომის პერიოდში ჰუმანიტარულ მიდგომის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ადგილობრივების უფლებებზე ყურადღების გამახვილება ითხოვა, მათ შორის, რელიგიურ ღირსშესანიშნაობებსა და საფლავებზე დაშვების კუთხით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე „მკაცრად მოითხოვეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება“.
შეხვედრის შემდეგ, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს, ვალერი კანიაშვილს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ, რამდენადაც მასე „ეწურება ე.წ. [პატიმრობის] ვადა“.
ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ოსური მხარის მხრიდან განხილვის მთავარი თემები საქართველოს მოქალაქეების მიერ „სახელმწიფო საზღვრის დარღვევების“ შემთხვევები და ჩორჩანა-წნელისის პოლიციის საგუშაგოს საკითხი იყო.
სააგენტო „რესის“ ცნობით, კოჩიევმა განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი „კატეგორიულ უარს ამბობს“ განიხილოს „საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის“ საკითხი.
კოჩიევის თქმით, ცხინვალის პოზიცია კვლავაც უცვლელია ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოსთან დაკავშირებით, რომ თბილისმა ის უნდა მოშალოს და იქ მომუშავე საპოლიციო ძალები სრულად გაიყვანოს.
ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.