საზოგადოება
გაერო 26 მაისს სამართალდამცველების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებით შეშფოთებულია

rupert_colviliგაეროს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა თბილისში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლისას გადამეტებული ძალის გამოყენების გამო შეშფოთება გამოთქვა. ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა რუპერ კოლვილმა განაცხადა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი 26 მაისს პოლიციის მოქმედების ყოველმხრივი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ საქართველოს ომბუდსმენის მოწოდებას სრულად იზიარებს. „საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა შესაბამისად, ძალის გამოყენება აუცილებელ მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და უნდა შეესაბამებოდეს პროპორციულობის პრინციპს“, – განაცხადა კოლვილმა 26 მაისის მოვლენების კომენტირებისას.

ამასთან, მან პრესკონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ომბუდსმენმა შეადგინა აქციის დაშლისას დაპატიმრებულთა 162-კაციანი სია, აქციის დაშლის დროს ბევრმა ჭრილობები და დაზიანებები მიიღო.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს დაკავებულთათვის ადვოკატი და სამედიცინო დახმარების უფლება, ასევე, ყველა ღონე იხმაროს საიმისოდ, რომ მათ წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული წამება.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ აქციის დაშლის ლეგიტიმურობაში ეჭვი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არავის შეუტანია და, შესაბამისად, 26 მაისის მოვლენები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე ვერ იმოქმედებს. თუმცა, ალბათ, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციათაგან გაერო უკანასკნელი არ იქნება, რომელიც საკუთარ კრიტიკულ პოზიციას ღიად დააფიქსირებს, თუმცა თუნდაც მხოლოდ გაეროს შეფასება ქვეყნის იმიჯისთვის, წესით, სულერთი არ უნდა იყოს.