საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოში ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, დედაქალაქის რაიონების გამგებლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე, ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი, თბილისში არსებული ეთნიკური უმცირესობების ყველაზე მრავალრიცხოვანი თემების წარმომადგენლები და გამგებლები მონაწილეობდნენ.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე სხვადასხვა თემების წარმომადგენლებს და გამგებლებს მიესალმა და შეხვედრაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად დაეხმარება ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს, რომ მათი თემების წინაშე არსებული საკითხები განიხილონ და მოაგვარონ.
„ამ შეხვედრის ძირითადი მიზანია თემების წარმომადგენლებსა და გამგეობებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარება და იმ გამოწვევების განხილვა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აწუხებთ,“- განაცხადა ნინო რუხაძემ.
შეხვედრაზე უკრაინული თემის წარმომადგენელმა ვალენტინა მარჯანიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს იმ დახმარებისთვის,რომელსაც ჩვენი ქვეყანა უკრაინას უწევს. როგორც ვალენტინა მარჯანიშვილმა აღნიშნა, საქართველოში დაახლოებით 30 ათასი უკრაინელი ლტოლვილია შემოსული. მან იმ საჭიროებების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც უკრაინელი ლტოლვილები დგანან.
გამგებლებმა თემების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც მათი კომპეტენციის ფარგლებში, გამგეობები და მუნიციპალიტეტი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ახორციელებენ.
შეხვედრაზე სხვადასხვა თემების წარმომადგენლებმა და გამგებლებმა მომავალში ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურების მიზნით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.
საქინფორმი