საზოგადოება
დეპუტატთა დებატები 26 მაისის მოვლენების თაობაზე

parlamenti6პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან დებატები გამართეს 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლისას განვითარებული მოვლენების ირგვლივ.

დებატების დაწყებამდე მათ პატივი მიაგეს ამ მოვლენების შედეგად გარდაცვლილი ოთხი ადამიანის ხსოვნას.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლებამ აღკვეთა „პოლიტიკური ექსტრემისტების“ მიერ მოწყობილი, რუსეთიდან მართული „ავანტიურა“, რომლის მიზანიც იყო სამოქალაქო ომის გზით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. თუმცა მათ, ასევე, განაცხადეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევებს „მოკვლევა“ დაადგენს.

„იქნება, ალბათ, დისციპლინარული შესაბამისი ღონისძიებების გატარება [შსს-ის მხრიდან]“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.

გოკა გაბაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, განაცხადა, რომ პოლიციამ ძალა გამოიყენა არა „მშვიდობიანი“ დემონსტრანტების წინააღმდეგ, არამედ „იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც იყვნენ შეიარაღებული სხვადასხვა ნივთებით... ჰქონდათ წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა სამართალდამცველებთან დაპირისპირების... ჰქონდათ პრორუსული რევოლუციური გეგმა“.

„ამათ წინააღმდეგ ქართული პოლიციის დაპირისპირება დამოუკიდებლობის დღის გასამართავად და მისი ჩაშლის აღსაკვეთად არის კანონიერი მოქმედება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ყველა „დამნაშავე“ პასუხს აგებს, მათ შორის, „დამნაშავეები, რომლებიც პოლიტიკურ ნიღაბს არიან ამოფარებული“.

დეპუტატმა ოპოზიციიდან დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააკრიტიკა ოპონენტები იმის გამო, რომ „ეროვნული იდეის რუსეთის პროვოკაციებთან“ მიბმა ხდება მაშინვე, როცა „საკმარისია, პროტესტი წარმოგეშვას ადამიანს, მათ შორის, თუნდაც, ხელში აიღო ჯოხი იმის გამო, რომ სასამართლო წამართვეს, იმის გამო, რომ ადამიანი მომიკლეს და ამის გამო ვერავის ვერ ვთხოვ პასუხს“.

„ხალხი არის გარდაცვლილი, საკუთარ სისხლში აბანავეს ადამიანები, არ მისცეს გაქცევის საშუალება. ამას ითვალისწინებს დარბევა? ამას ითვალისწინებს განდევნა მანიფესტანტების?“, – მიმართა მან დეპუტატებს მმართველი პარტიიდან.

ქრისტიან-დემოკრატებისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება აქციის ორგანიზატორთა პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაწილს, მხედველობაში ჰყავდა რა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და აქციების მთავარი ორგანიზატორი ნინო ბურჯანაძე, რომელიც „აშკარად ცდილობდა, საქმე მიეყვანა იქამდე, რომ მომხდარიყო პოლიტიკური ანგარიშსწორება“.

„მითუმეტეს, ორგზის დიდია თქვენი პასუხისმგებლობა, როდესაც ამის წინასწარ განჭვრეტა იყო შესაძლებელი“, – მიმართა მან დეპუტატებს მმართველი პარტიიდან და განაცხადა, რომ ხელისუფლება „ყალიბდება სასტიკ მონსტრად, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რიგითი ადამიანების სიცოცხლეს, არამედ თავისუფალი, დემოკრატიული, ქართული სახელმწიფოს იდეას“.

თარგამაძემ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციის დანარჩენ წევრებთან ერთად სხდომა „პროტესტის ნიშნად“ დატოვა იმ „ტაშის“ გამო, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატების გამოსვლებს სდევდა თან.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ თავის გამოსვლაში ხელისუფლების ქმედებებთან ერთად გააკრიტიკა „ოპოზიციური რვიანის“ პარტიები, რომლებიც, მისი თქმით, „მომხდარი ტრაგედიის გამოყენებას ცდილობენ თავიანთი უპირატესობის დასამტკიცებლად“.

დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა, რომელიც პარლამენტში ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენს, განაცხადა, რომ პარლამენტმა მომიტინგეების წინააღმდეგ „კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ოპერაცია“ უნდა გამოძიოს. თუმცა მას საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა არ დაუყენებია სხდომაზე.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირება ერთ ცალკე აღებულ დეპუტატს არ შეუძლია. ქრისტიან-დემოკრატებმა, რომელსაც რეგლამენტი ამგვარ უფლებამოსილებას ანიჭებს როგორც ფრაქციას, ამ ეტაპზე არ გაიზიარეს 26 მაისის მოვლენების საპარლამენტო გამოძიების იდეა იმ მოტივით, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებით ისედაც აწარმოებს გამოძიებას.

„ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს მოკვლევა“, – განაცხადა ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ, რომლის თქმითაც, პროცესის მონიტორინგისთვის სახალხო დამცველის ინსტიტუტი უნდა იქნეს გამოყენებული. „შესაბამისად, ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ“, – დასძინა მან.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა, ასევე, განაცხადეს, რომ პარლამენტში საგამოძიებო ფუნქციის მქონე კომისიის შექმნა სრულიად ზედმეტია.