საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. აქტივისტებმა აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელეს და ყველა იმ პირს, ვისაც „შეუძლია სისხლისღვრის შეჩერება და მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის აღკვეთა, კეთილგონიერებისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს“.
„ჩვენ, აფხაზეთის მცხოვრებლები, რომელთაც 30 წლის წინ გავიარეთ ომი, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა, უკრაინაში სისხლისღვრის დაუყონებლივ შეჩერებისკენ მოგიწოდებთ“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც აფხაზეთის ცნობილმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ, ნადეჟდა ვენედიქტოვამ Facebook-ზე 4 აპრილს გამოაქვეყნა.
„ადამიანების სიკვდილი ორივე მხრიდან მხოლოდ აღრმავებს არსებულ წინააღმდეგობას, რომელიც მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ცოცხალი და ძალიან მოწყვლადი არსებები. თუ დავივიწყებთ ჩვენს ადამიანურობას, შეიძლება ყველაფერი ცოცხალი გავანადგუროთ“, – ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ვენედიქტოვასთან ერთად ასევე აწერენ ხელს აქტივისტები და საზოგადო მოღვაწეები: საიდა ალანია, რუსუდან კობიაკოვა, ლარისა კაცია, ასტანდა გიცბა, ელენა ზავოდსკაია, არდა ინალ-იპა, ოლგა კორნეევა, დიანა კერსელიანი, ნაალა კარტოზია, აიდა ლადარია, ლიუდმილა საგარია, მადინა გარცკია, ასიდა ბუთბა, ელონა ტურავა, საიდ გეზერდავა, ინდირა აგრბა, ლიანა კვარჩელია, აზამატ ბაგათელია, ასიდა ლამია, ციალა ცკუა, ელირა კოკოსკერია.
მიმართვის კომენტარებში ბევრმა ადამიანმა ავტორებს მხარდაჭერა გამოუცხადა. „თქვენთან ერთად ვარ“, – წერს ჟურნალისტი მარიანა კოტოვა.
თუმცა, მათ სულისკვეთებას ბევრიც არ დაეთანხმა და ზოგიერთებმა ხელმომწერებს „მეხუთე კოლონაც“ კი უწოდა.
საპასუხოდ, აფხაზეთის ყოფილმა „მთავარმა პროკურორმა“, ალექსეი ლომიამ განაცხადა: „უკრაინის არმიის განიარაღება 5000-მდე მცირე იარაღით. ბანდერული მემკვიდრეობის აღმოფხვრა (სახელმძღვანელოების, სიმბოლოების განადგურება, ამ იდეების მხარდაჭერისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ა.შ.). ბლოკგარეშე სტატუსი. არაბირთვული სტატუსი. ყველა პროვოკატორის პასუხისგებაში მიცემა, როგორებიცა არიან – ზელენსკი, არესტოვიჩი, გორდონი, იაკოვინი და მსგავსნი! ამ ყველაფრის შემდეგ – მე მშვიდობის მომხრე ვარ!“.