უცხოეთი
საერთაშორისო დონორები უკრაინისთვის 9,1 მილიარდ ევროს გამოყოფენ

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო დონორები უკრაინისა და უკრაინელებისთვის 9,1 მილიარდ ევროს გამოყოფენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საერთაშორისო დონორული კონფერენცია ვარშვაში გაიმართა, რომლის თანაორგანიზატორი ევროკავშირი იყო. საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები და მსხვილი კომპანიები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 9,1 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ. როგორც მედია წერს, აღნიშნული თანხიდან 4,1 მილიარდი ევრო უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება და წარმოადგენს საგრანტო დახმარებას, რომლის დაბრუნების ვალდებულება უკრაინას არ ექნება, ხოლო დანარჩენი 5 მილიარდი ევრო გამოიყოფა კრედიტის სახით.

„დღეს ჩვენ შევაგროვეთ 9,1 მილიარდი ევრო ადამიანებისთვის, რომლებიც გაურბიან შემოჭრას – როგორც უკრაინაში დარჩენილთათვის, ასევე მათთვის, ვინც საზღვარგარეთ წავიდა. და იქნება კიდევ უფრო მეტი. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დონორული კონფერენცია უკრაინელ დევნილთა დახმარებისთვის გაიმართა, თუმცა ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, იგეგმება სახსრების შეგროვება უკრაინის ინფრასტრუქტურის აღსადგენადაც.

1tv.ge