პოლიტიკა
დამტკიცდა „თავისუფლების ქარტია“

parl_buildingპარლამენტმა 81 ხმით მესამე და საბოლოო მოსმენით ერთხმად დაამტკიცა „თავისუფლების ქარტია“.

ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დეპუტატ გია თორთლაძეს ეკუთვნის და, ასევე, მხარი დაუჭირა მმართველმა პარტიამ, ითვალისწინებს ქვეყანაში საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოფხვრას და, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას მათთვის, ვინც 1989 წლის 9 აპრილამდე ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეციალურ სამსახურებთან საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან კავშირში იყვნენ მათთან.

ამ კატეგორიის ადამიანებმა 2012 წლის იანვრამდე უნდა დატოვონ კანონით განსაზღვრული თანამდებობები, რომელთა ჩამონათვალშიც ყველაზე მაღალი არის მინისტრის პოსტი.

კანონი აწესებს ე.წ. შეზღუდულ ლუსტრაციას, ვინაიდან უშიშროების აგენტების სია საჯარო არ იქნება და მათ შესახებ ინფორმაცია ექნება მხოლოდ სპეციალურ კომისიას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება და მასში საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებიც შევლენ. კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ამგვარი კომისია პრეზიდენტს უნდა შეექმნა.

კომისია, კანონის თანახმად, აწარმოებს საიდუმლო აგენტების რეესტრს და უზრუნველყოფს ამ პირთა შესახებ ინფორმაციის საიდუმლოებას, თუმცა შეუძლია საჯარო გახადოს მხოლოდ იმ პირთა ვინაობა და მონაცემები, რომელთაც უკავიათ აკრძალული თანამდებობა და ნებაყოფლობით არ განაცხადებენ მასზე უარს.

„თავისუფლების ქარტია“ იმ ნაწილში, რომელიც ანტიტერორისტულ ღონისძიებებს ეხება, ითვალისწინებს ამგვარი დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინაციის ქვეშ მოქცევას; ასევე, შსს-ის მიერ სასაზღვრო-გამშვები პუნქტების, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიების, აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის სადგურების, მეტროპოლიტენის, ხიდების, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილებისა და სხვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ობიექტების“ ვიდეოსათვალთვალო კამერებით აღჭურვას და მათ დაკვირვების ერთიან სისტემაში ჩართვას.

კანონი შსს-ს ანიჭებს უფლებამოსილებას, სახელმწიფო საზღვრის გავლით შემომავალი და გადაადგილებული ტვირთების მონიტორინგი განახორციელოს და იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შემოსვლის აღკვეთის მიზნით შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელოს საეჭვო ტვირთების გახსნა და დათვალიერება.

უცხოეთიდან ფინანსური სახსრების კონტროლის კუთხით მესამე მოსმენით მიღებულ ვარიანტი მიუთითებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონზე, რომლითაც ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები რეგულირდება. ამდენად, მასში უკვე აღარ არის ჩაწერილი ის კონკრეტული დებულებები, რომლებიც თავდაპირველ პროექტში იყო გათვალისწინებული და რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, მოქალაქეებზე და პირებზე“ უცხოეთიდან 25 ათას ლარს ზევით ფინანსური გადმორიცხვების კონტროლს ითვალისწინებდა.