სამართალი
„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტსა და „ტვ პირველის“ ოპერატორზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულები საპატიმროს 3 თვეში დატოვებენ

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტის, გიორგი ნიკოლიშვილის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლევან ბრეგვაძისა და კიდევ ერთი მოქალაქის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 3 თვეში დატოვებენ.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, სწორედ ამ ვადაში იქნებიან 5 ივლისს განხორციელებულ სასტიკ ძალადობაში მონაწილეები თავისუფლებაში.

მხოლოდ ერთი პირი, რომელიც „ტვ პირველის“ ოპერატორის ძალადობაშია ბრალდებული, პენიტენციურ დაწესებულებას 9 თვეში დატოვებს. ის წარსულში ნასამართლევი იყო, რის გამოც, სხვებთან შედარებით რამდენიმე თვით მეტი მიესაჯა.

ბუგიანიშვილმა ბრალდებულებს - ირაკლი წიგნაძეს, ბაქარ მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს, დავით ქოჩიაშვილს 1 წლიანი პატიმრობა, ვანო ბურდულს კი, 1 წლითა და 6 თვის ვადით განუსაზღვრა პატიმრობა.

აღნიშნული ბრალდებულებიდან გიორგი ნიკოლიშვილის ეპიზოდში მონაწილეები არიან - ბაქარი მაისურაძე, ნიკოლოზ დადვანი, თორნიკე გაბელიანი.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ყველა პირს ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა მოუხსნა და ის ძალადობის მუხლით გადაუკვალიფიცირა.

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტსა და "ტვ პირველის" ოპერატორს 5 ივლისს, მაშინ როცა, ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, აქციის მონაწილეები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად გიორგი ნიკოლიშვილმა გონება დაკარგა. ის თავის ტვინის ტრავმით საავადმყოფოში მკურნალობას რამდენიმე კვირის განმავლობაში გადიოდა, ჰქონდა ტვინის ძლიერი შერყევა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, არაერთი ჰემატომა. გიორგი ნიკოლიშვილს კლინიკის დატოვების შემდეგ დასჭირდა რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსის გავლა.