პოლიტიკა
თეთრი სახლის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს იტალიის დედაქალაქ რომში შეხვდება. სააკაშვილი სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად იტალიის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იტალიაში 2 ივნისს ჩავა და საქართველოს პრეზიდენტსაც სწორედ ამ დღეს შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია ბაიდენის შეხვედრები იტალიის პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლიტანოსა და პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთანაც. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი შესაძლოა, რომში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსაც შეხვდეს. ქართველი ექსპერტების განცხადებით, სააკაშვილისა და ბაიდენის შეხვედრაზე საუბარი, სავარაუდოდ, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ისე სამხედრო კუთხით ქართულ-ამერიკულ თანამშრომლობას შეეხება.