საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ადასტურებს.
„ახლახან შეგვატყობინეს, რომ მძიმე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ვოლფოვიჩ ჟირინოვსკი. ეს არის დარტყმა მთელი რუსეთისთვის, მისი მხარდამჭერების არმიისთვის“, - თქვა დუმის სპიკერმა და დეპუტატებს მოუწოდა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ მისი ხსოვნისთვის.
მანამდე ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა, ბოლოს, 25 მარტს ეს ინფორმაცია სწორედ ვოლოდინმა უარყო.
75 წლის ჟირინოვსკი კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის დიაგნოზით 2 თებერვლიდან იმყოფებოდა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, უკანასკნელ დღეებში უკიდურესად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობით.
საავადმყოფოშო მოხვედრამდე თვენახევრით ადრე, 2021 წლის დეკემბერში ჟირინოვსკიმ, რუსეთის ახალ საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას რუსეთის სახელმწიფო დუმის ტრიბუნიდან თქვა, რომ 2022 წელი არ იქნებოდა მშვიდობიანი წელი და თუ მსოფლიო დროზე არ მისცემდა მოსკოვს უსაფრთხოების იმ გარანტიებს, რასაც ითხოვდა, მაშინ 22 თებერვალს ყველა იგრძნობდა რუსეთის ახალ საგარეო პროგრამას.
23 თებერვალს რუსეთმა ჯარები ოფიციალურად შეიყვანა და უკრაინის დონბასის რეგიონში და მეზობელ ქვეყანაზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. თავად ჟირინოვსკი, პოლიტიკოსი, რომელსაც ხშირად უწოდებნენ კრემლის რუპორს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.
radiotavisupleba.ge