საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. ვაკვირდებით რეგიონში არსებულ მდგომარეობას, ცხადია ვხვდებით, რომ საქართველოს, დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებული საკითხები აწუხებს, თუმცა ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. საუბარი მაქვს დემოკრატიულ ღირებულებებზე, ასევე საქართველოს სურვილზე, შეურთდეს ნატო-სა და ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯონათან ჯანოგლიმ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშველოვანია, რომ საქართველო უკრაინას ეხმარება.
„საქართველოში ვიმყოფები საქართველოს მეგობართა ჯგუფთან ერთად. აქ იმყოფებიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ჩვენ გვაერთიანებს საქართველოსადმი მხარდაჭერა. ვიზიტის მიზანია, ვისაუბროთ საქართველოსთან სავაჭრო კავშირების განმტკიცების გზებზე, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც ყველას გვაქვს. მათ შორის საუბარი შეეხება სიტუაციას უკრაინაში. აქ მოლოდინებზე არ ვსაუბრობთ. აქ ვისაუბრებთ ერთად მუშაობაზე საერთო უსაფრთხოებისთვის. ამჟამად, დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ჯონათან ჯანოგლიმ.
ჯონათან ჯანოგლის განცხადებით, ბრიტანეთი მოხარულია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს რეზოლუციებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული.
„უპირველეს ყოვლისა ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს რეზოლუციებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. ასევე, კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებების საწინააღმდეგო განცხადებებით. ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ასრულებს სანქციების უმეტესობას. ამიტომ, ამ შემთხვევაში კითხვა ეხება უბრალოდ ამის გამოხატვის დონეს. რეალობა არის, რომ საქართველო მხარს უჭერს სანქციებს. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ვიხილოთ, რომ საქართველო გახდეს ხვრელი ამ სანქციების კალათაში, მაგრამ რაც მოვისმინე, ასეთი რამ არ ხდება“, – განაცხადა ჯანოგლიმ.
რაც შეეხება უკრაინის დაზვერვის ამასწინანდელ განცხადებას, ჯანოგლი აცხადებს, რომ მოისმინა საქართველოს მთავრობის განცხადება, რომელიც მსგავს ინფორმაციას უარყოფს.
„როგორც ვხვდები, გამოძიება დაიწყო. ეს იქნებოდა ძალიან არასწორი, თუმცა როგორც გავიგე, ეს არ ხდება. ასეთია მთავრობის პოზიცია. მე შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს უკრაინას. ჩვენ ვაწვდით უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩვენ ვაწვდით მათ უფრო მეტ შეიარაღებას, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა, აშშ-ის გამოკლებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ სანქციების გამკაცრებას იმ საზარელი ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით რომელიც ვნახეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ასეც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ჯანოგლიმ.