საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „რეფერენდუმის“ პროცედურის დასაწყებად, „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოს უნდა მიმართოს.
ბიბილოვმა ამის შესახებ რუსულ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში აღნიშნა.
მისი თქმით, დღეს არის შესაძლებლობების ფანჯარა და „რესპუბლიკას“ არ აქვს უფლება, ხელიდან გაუშვას ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ხალხის „სურვილი, შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში“.
ბიბილოვმა აქვე აღნიშნა, რომ ე.წ. რესპუბლიკაში შესაძლებელია ჩატარდეს ორი „რეფერენდუმი“.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში პირდაპირი შესვლა და ოსეთის პირდაპირი გაერთიანება მაშინვე არ მოხდება, რადგან კანონი ამის საშუალებას არ იძლევა. როდესაც სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში იქნება, მაშინ უკვე უნდა დაიწყოს ოსეთის გაერთიანების პროცესი და შემდეგ იყოს ორი რეფერენდუმი“, – დაამატა ბიბილოვმა.