სამართალი
ანატოლი ბიბილოვი დონეცკსა და მარიუპოლს სტუმრობდა

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი დონეცკში ჩავიდა და ქალაქი მარიუპოლიც მოინახულა. ინფორმაცია ბიბილოვის პრესსამსახურმა 2 აპრილს გაავრცელა.

ვიზიტის ფარგლებში, ბიბილოვი დონეცკის ლიდერს, დენის პუშილინს შეხვდა. ერთობლივი ბრიფინგის დროს, პუშილინი მიესალმა ოსი მოხალისეების მონაწილეობას დონბასში მიმდინარე ომში.

„ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ცალსახაა – ეს არის ის, რისკენაც ჩვენი ხალხები ისწრაფვიან: რაც შეიძლება ახლოს იყვნენ რუსეთთან, ჩვენს საერთო სამშობლოსთან“, – აღნიშნა პუშილინმა.

მან მხარი დაუჭირა ბიბილოვის სწრაფვას რუსეთთან ცხინვალის რეგიონის მიერთების თაობაზე და განაცხადა, რომ „ისტორიული სამართლიანობა აღდგება“.

თავის მხრივ, ანატოლი ბიბილოვმა გაიმეორა მოსკოვის პოზიცია და დაგმო „უკრაინის ხელმძღვანელობა, რომელიც ფაშიზმს ემხრობა“.

„ეს საშინელი ისტორიაა არა მხოლოდ დონბასისთვის, არამედ თავად უკრაინისთვისაც. ნათელია, რომ ამ ხალხ, რომელთაც მომავალი თაობები ყველაფერი რუსულის მიმართ სიძულვილით აღზარდეს, კარგად ესმის, რომ ამ ისტორიას ცუდი ბოლო აქვს“, – განაცხადა მან.

„მაგრამ რაც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა გათავისუფლდება“, – აღნიშნა ბიბილოვმა.

„ყველა ჩვენთაგანისთვის… რუსეთი ისტორიული სამშობლოა. ეს ისტორიული სამშობლო აკავშირებს სამხრეთ ოსეთს, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს და აკავშირებს მთელ რუსულ სამყაროს“, – დასძინა მან.

ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიბილოვი სახელმწიფო დუმის დეპუტატ დმიტრი საბლინთან ერთად ქალაქ მარიუპოლსაც ესტუმრა.

ამავე ინფორმაციით, იგი ქალაქის საავადმყოფოში მივიდა და მედიკამენტები გადასცა. „ანატოლი ბიბილოვი ესაუბრა ექიმებს, რათა გაეგო როგორ შეუძლია სამხრეთ ოსეთს მათ დახმარებას“, – ნათქვამია პრესრელიზში.