საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთს კი არ უნდა შეუერთდეს, არამედ რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს ნაწილი უნდა გახდეს.
„აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ჩემი აზრით, საშუალოვადიან პერსპექტივაში, აფხაზეთი უნდა ისწრაფვოდეს, რომ შეუერთდეს რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის 1999 წელს მიღწეულ შეთანხმებას „სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის თაობაზე“, – იტყობინება Gazeta.ru არძინბას სიტყვებზე დაყრდნობით.
„განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბევრი თვალსაზრისით, რუსეთმა აფხაზეთთან ბევრად მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე ბელარუსის რესპუბლიკასთან“, – აღნიშნა მან.
ადგურ არძინბა აფხაზეთის ყოფილი „ეკონომიკის მინისტრია“ და 2020 წელს „საპრეზიდენტო“ არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა ასლან ბჟანიასთან დამარცხდა. 2020 წლის ოქტომბერში მან აფხაზური სახალხო მოძრაობა ჩამოაყალიბა.
2021 წლის დეკემბერში, სოხუმში დე ფაქტო ადმინისტრაციის წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ გამართული მასობრივი აქციის დროს, არძინბამ მოსკოვთან „სუვერენიტეტის გაზიარების“ შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბჟანია გააკრიტიკა.
„ადამიანებს, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში, არ ესმით სუვერენიტეტის კონცეფცია… მათ წარმოდგენაც არ აქვთ, როგორ მართონ დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – განაცხადა არძინბამ მაშინ.
არძინბას განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როცა აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციური ძალები გამორიცხავენ ცხინვალის რეგიონის ლიდერის ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილების გაზიარებას. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ განაახლა მოლაპარაკებები რუსეთთან ცხინვალის რეგიონის მიერთების თაობაზე.