საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 ივლისს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და აწ უკვე გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ექვსი ბრალდებული და მათ 5-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისში ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე ექვსივე მსჯავრდებულმა „სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ასევე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით“, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ჯგუფურად იძალადეს.
„დააზიანეს და გაანადგურეს მათი [ჟურნალისტების] ტექნიკა და პირადი ნივთები. ასევე, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ წევრების და მათი მხარდამჭერების სხვადასხვა სავარაუდო ადგილსამყოფელი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მსჯავრდებულებს გამოძიება ედავებოდა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას (225-ის მე-2), ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას (154-ის მე-2), დევნას (156-ის მე-2-ის „ა“ და „გ“) და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან (118-ის მე-3).
ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, მირანდა ბაღათურიამ მოსამართლე ნინო ელიაშვილს გამოტანილი განაჩენისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მან მისი მოლოდინები გაამართლა.
„ჩემი წილი და ჩვენი წილი ჟურნალისტების სამართლიანობა, მე მგონია, რომ ამ ეპიზოდში აღდგა“, – უთხრა მან კოლეგებს და დასძინა, რომ დამნაშავეები „უნდა იყვნენ ციხეში, იმისთვის, რომ გავალთ ხვალ გადაღებაზე, არცერთ ჩვენგანს ერთი თმის ღერიც არ ჩამოუვარდეს“.
მანამდე ბაღათურია იხსენებდა, რომ მისი ოპერატორის ცემაში სულ ცოტა 20 ადამიანი მონაწილეობდა.
ლექსო ლაშქარავა, მასზე ჰომოფობიური ძალადობიდან 6 დღეში, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. მეორე დღესვე, შსს-მ ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნის საფუძველზე, თქვა, რომ მისი ცხედრიდან აღებულ ნიმუშში ნარკოტიკული საშუალებების კვალი აღმოჩნდა.
მაშინ, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განმარტა, რომ ლაშქარავა მორფინს ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, 5 ივლისის აქციაზე თავისა და სახის არეში მიყენებული ტრავმების შედეგად გამოწვეული ტკივილების გასაყუჩებლად იღებდა.
2022 წლის იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ლაშქარავა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო) 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.
ამის შემდეგ, მალევე, მედიაში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საბოლოო დასკვნის ნაწილი გავრცელდა, რომლის თანახმადაც, „სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“.
ლაშქარავას მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანასა და ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების დროში დამთხვევამ მისი ოჯახის ადვოკატებს ეჭვი გაუჩინა.
მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, რომელიც ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს იცავდა, თქვა, იმდენად, რამდენადაც სრულ დასკვნაზე ამ დრომდე საია-ს ადვოკატს ხელი არ მიუწვდება, „შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენად სწორად და რის საფუძველზე გამოირიცხა მიზეზობრივი კავშირი დაზიანებებსა და ლექსოს გარდაცვალებას შორის“.
ივლისის მოვლენებისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა.
ჰომოფიბიური ძალადობის საქმეზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის.
საგულისხმოა, რომ სამართალდამცველ ორგანოებს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოუვლენია და ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებია.
Civil.ge