უცხოეთი
ჩეჩნეთის მმართველმა კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი პესკოვი გააკრიტიკა

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ჩეჩნეთის მმართველმა რამზან კადიროვმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი. მიზეზი ისაა, რომ პესკოვმა არ მიულოცა ვითომ უკრაინაში მყოფ კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის წოდების მინიჭება, ხოლო ივან ურგენტს, რომელმაც რუსეთი დატოვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, „პატრიოტი“ უწოდა.

„არ ვიცოდი, რომ, თურმე, ქვეყნის პატრიოტი რომ გახდე, უნდა გააკრიტიკო რუსეთის ქმედება, წახვიდე საზღვარგარეთ, თანაც ხმამაღლა და პათეტიკურად, შექმნა ხმაური შენ გარშემო და შემდეგ, როცა პოლიტიკური ტემპერატურა დაეცემა, დაბრუნდე, ვითომ აქ არაფერი“,- დაწერა კადიროვმა და დასძინა, „პესკოვის პრიორიტეტების სკალა, რაღაცნაირად უმწიფარია“ და „საჭიროა რაღაც გაკეთდეს“.

ადრე, პესკოვმა, როცა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, განაცხადა, რომ ყველას, ვინც არ უჭერს მხარს რუსეთის არმიის ე.წ. სპეცოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე ყველას, ვინც დატოვა რუსეთი, ვერ უწოდებ მოღალატეებს და „მეხუთე კოლონას.“ „ტელეწამყვანი ივან ურგენტი, დიდი პატრიოტია, კარგად ვიცნობ მას, შეიძლება თავისი თვალსაზრისი ჰქონდეს, მაგრამ პატრიოტია“, - თქვა პესკოვმა. ამასთან, განაგრძო მან, მათ შორის, ვინც ომის წინააღმდეგ გამოდის, არიან „სახელმწიფოს მტრები: "ის ხალხი, ვინც არა მხოლოდ ვერ გაიგო, ვინც არა მხოლოდ შეშინდა, არამედ ისინი, ვინც კიცხავს ხელისუფლებას, თავს ესხმის გმირ სამხედროებს, აი, ესენი არიან სახელმწიფოს მტრები, მათ შევებრძოლებით!“

ივან ურგენტმა ოჯახით დატოვა რუსეთი 24 თებერვალს. ის ისრაელში წავიდა და ინსტაგრამით დატოვა ასეთი შეტყობინება: „შიში და ტკივილი, არა ომს!“ პროგრამა „ვეჩერნი ურგენტი“ აღარ გადის ტელეეთერში, მაგრამ მისი დახურვის ცნობა არ დაადასტურა პრესსამსახურმა. მოგვიანებით ივან ურგენტმა დაწერა, რომ შვებულებით წავიდა და რუსეთში დაბრუნდება.

radiotavisupleba.ge