საზოგადოება
რუსი სენატორის ვარაუდით, შესაძლოა, თურქეთი აჭარას საქართველოს შემადგენლობიდან გასვლაში დაეხმაროს

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი კლიმოვმა, რომელიც რეფერენდუმის გზით რუსეთთან ცხინვალის რეგიონის მიერთების აქტიური მხარდამჭერია, განაცხადა, რომ თურქეთი შეეცდება გავლენა მოახდინოს აჭარის რეგიონზე, რათა ის საქართველოს შემადგენლობიდან გავიდეს.

კლიმოვმა ამის შესახებ CNN-თან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს საპასუხოდ განაცხადა, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ თბილისი უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვისთვის დაწესებულ ფინანსურ სანქციებს შეუერთდა.

„ნათელია, რომ თბილისის ეს განცხადება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების თაობაზე ცხინვალის შემოთავაზების საპასუხოდ გაკეთდა“, – განაცხადა კლიმოვმა და დასძინა, რომ „ზურაბიშვილის მიერ გახმოვანებული გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ხალხს დასჯის“.

„რუსეთთან ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლები მინიმუმამდე შემცირდება, იგივე ბედი ეწევა რუსეთიდან საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქონლის მიწოდებას. რუსი ტურისტების ნაკადი ცალსახად შემცირდება“, – აღნიშნა მან.

„ამ პატარა მთიანი ქვეყნის ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა კრიტიკული გახდება. საქართველო ევროკავშირიდან და აშშ-დან არანაირ რეალურ კომპენსაციას არ მიიღებს ანტირუსული გამოხტომებისთვის. არც ნატოსა და ევროკავშირში მიიღებენ მას“, – განაცხადა კლიმოვმა.

ამ მოვლენების ფონზე, განაგრძო კლიმოვმა, „მე არ გამოვრიცხავ, რომ… აჭარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს გაიზიარებს და საქართველოდან გამოსვლის პროცესს დაიწყებს“.

„ისტორიული (პრო-თურქული), რელიგიური (ისლამური) და გეოგრაფიული (თურქეთს ესაზღვრება ზღვით) გარემოებების გათვალისწინებით, რთული გასაგები არაა, რომ ანკარა ხელიდან არ გაუშვებს შესაძლებლობას, რომ აჭარელი სეპარატისტების მხარდაჭერით საკუთარი გავლენა გააძლიეროს ჩრდილოაღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში“, – განაცხადა მან.

„სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბრისას, თურქეთის ელჩმა საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანმა უარყო კლიმოვის განცხადებები. „თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – თქვამ მან.

„ეს სავსებით ნათელია. ეს არის ოფიციალური პოზიცია და ასე იქნება ყოველთვის“, – დასძინა ელჩმა.

ბოლო წლებია, საქართველოში მოქმედი პრორუსული პოლიტიკური და მედიააქტორები სისტემატურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თურქეთს საქართველოს ტერიტირიების ნაწილის ხელში ჩაგდება სურს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდმა“ ანგარიშში – „ანტიდასავლური პროპაგანდა“ – განაცხადა, რომ კონსპირაციული თეორიები თურქეთის მიერ აჭარის ოკუპაციის თაობაზე იმ მიზნით ვრცელდებოდა, რომ „თურქული საფრთხისგან“ ქვეყნის დაცვაში რუსეთის მნიშვნელობა ხაზგასმულიყო.

2014 წლის აღწერის თანახმად, აჭარაში 333 953 ადამიანი ცხოვრობს. მათი 96% – 320 742 ადამიანი – ეთნიკური ქართველია.