სამართალი
მაია სანდუ: მოლდოვა ვერ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რადგან ამან შესაძლოა, ქვეყანა გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. მოლდოვა ვერ შეუერთდება ზოგიერთი ქვეყნის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რადგან ამან შესაძლოა, ქვეყანა გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს, – მოლდოვური მედიის ცნობით, ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სანდუს თქმით, უკრაინაში ომი უკვე ახდენს გავლენას მოლდოვის ექსპორტსა და იმპორტზე.

როდესაც სანქციებზე ზოგადად ვსაუბრობთ, დეტალების გარეშე, ეს ძალიან ზედაპირული მიდგომაა. მოდით, განვიხილოთ, თუ რას შეიძლება, ნიშნავდეს სანქციები ექსპორტისა და იმპორტის კუთხით: ჩვენ უკვე არ გვაქვს წვდომა უკრაინულ, რუსულ და ბელარუსულ ბაზარზე, რადგან არსებობს დაბრკოლება – ომი. დაბლოკილია, როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი ამ ქვეყნებთან“, – განაცხადა სანდუმ.

ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ენერგორესურსები არის ოფიციალური კიშინიოვის ყველაზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება რუსეთზე და მოლდოვას ამ საკითხში ჯერჯერობით სხვა გამოსავალი არ აქვს.

შეგვიძლია თუ არა, დღეს ქვეყანა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დავტოვოთ? არა, არ შეგვიძლია. არც ჩვენი მოქალაქეების და არც 100 000 უკრაინელი ლტოლვილისთვის, რომელთაგან 50 000 ბავშვია“, – აღნიშნა სანდუმ.

მაია სანდუს თქმით, მისი ქვეყანა სარგებლობს დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერით. უფრო მეტიც, ისინი შეეცდებიან, კიშინიოვს ალტერნატიული ენერგეტიკული ვარიანტების მოძებნაშიც დაეხმარონ.

თუმცა, მანამდე, ცხადია, ჩვენ რეალობის უგულებელყოფა არ შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი შეჩერდეს. მაგრამ არის გარკვეული რამ, რაც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ქვეყნის ენერგორესურსების გარეშე დატოვებით და მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციით ჩვენ ვერავის დავეხმარებით – ვერც მოლდოვას, ვერც უკრაინას და ვერც ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.