პოლიტიკა
უკრაინელების მადლიერნი უნდა ვიყოთ და სისხლი ვღვაროთ ქართველებმა? - არავითარ შემთხვევაში!

   უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე აქტუალური გახდა საქართველოდან უკრაინის მიმართულებით საომრად წასული მოხალისეების საკითხი. თუმცა მოხალისეები უკრაინისკენ ჯერ კიდევ 2014 წელს, მაიდნის სისხლიანი გადატრიალების დროს და შემდგომ, დონბასში განვითარებული მოვლენების დროს გაემართნენ.

ვამბობ „მოხალისეებს“ და არ ვაზუსტებ, ვინ ფულის გამო წავიდა და ვის მართლა ეხალისებოდა სხვის ომში ჩართვა. ვშიშობ, რომ უმრავლესობა ქართველი მებრძოლებისა, სწორედ ფულის საშოვნელად წავიდა უკრაინაში ისევე, როგორც მიდიოდნენ ავღანეთსა და ერაყში.

არც იმის გარჩევას შევუდგები, განასხვავებს თუ არა საერთაშორისო სამართალი „მოხალისე“ მებრძოლს „დაქირავებულისგან“. უბრალოდ, აღვნიშნავ იმას, რაზეც ქართულ მასმედიაში კეთდება აქცენტი - ქართველები ერთგვარ „ვალს“ უხდიან უკრაინელებს, უკრაინის მოქალაქეების მიერ 1992-93 წლის აფხაზეთის ომში გაწეული „ღვაწლის“ გამო და, რაც მთავარია, რუსეთს „ასუსტებენ“ .

რუსეთის დასუსტებაზე რა მოგახსენოთ და, როგორც ჩანს, უკრაინის “ვალიდან“ გამოსვლა კიდევ დიდხანს არ გვიწერია - ასეთია უკრაინელ «ბანდერელთა“ ლოგიკა. და აი რატომ.

ერთი ციტატა ქართული ვაი-პატრიოტული ინტერნეტსაიტებიდან: „იგორ მაზურმა, უკრაინელმა ოფიცერმა, აფხაზეთში უკრაინელ მოხალისეთა ერთ-ერთმა ლიდერმა, აღნიშნა, რომ ქართველები ღირსეულად აბრუნებენ ვალს: „ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ და იღუპებოდნენ აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. დღეს ქართველები ღირსეულად აბრუნებენ ვალს და იბრძვიან და იღუპებიან აქ, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.“

ეს სიტყვები ჯერ კიდევ 2017 წელს ითქვა იგორ მაზურის მიერ. იმ მომენტისათვის, დონბასში უკვე 10 ქართველი მოხალისე იყო დაღუპული, სამი წლის მანძილზე, ბრძოლით კი, 200 კაცი მაინც იბრძოდა. თავად მაზური 1993 წელს, ნაციონალისტური უკრაინული ორგანიზაციის, ე. წ. „უნა-უნსო“-ს რიგებში, აფხაზეთში იმყოფებოდა საომრად და ედუარდ შევარდნაძისგან ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენიც აქვს მიღებული. სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოშიც დაახლოებით იმდენივე უკრაინელი იბრძოდა 90-იან წლებში, რამდენი ქართველიც იბრძოდა უკრაინაში 2014-17 წლებში.

გამოდის, რომ ქართველებს „ვალი“ გადახდილი აქვთ და უკრაინასთან დღეს არაფერი გვმართებს (სხვა თუ არაფერი, საქართველოდან წასული 200 მებრძოლი გაცილებით მეტია პროცენტულად, ვიდრე 45-მილიონიანი უკრაინიდან ჩამოსული 200-300 უკრაინელი მებრძოლი). შესაბამისად, აფხაზეთის ომში უკრაინელი ნაციონალისტების მონაწილეობა ვერ გამოდგება იმის დასაბუთებად, რომ საქართველოს მოქალაქეები დღესაც და ხვალაც უნდა ეწირებოდნენ უკრაინაში მიმდინარე გაუთავებელ ომს, რომელიც არა 2022 წლის 24 თებერვალს, არამედ 2014 წლის 24 თებერვალს, „მაიდნის“ სისხლიანი გადატრიალებით დაიწყო!

თუმცა არც ეს არის მთავარი. მთავარი მომენტი ამ ყველაფერში ის გახლავთ, რომ 1992-93 წლებში უკრაინელი ნაციონალისტები საქართველოს სიყვარულით არ ჩამოსულან აფხაზეთში საომრად. ისინი აქ სიძულვილმა ჩამოიყვანა - რუსეთის სიძულვილმა. ეს ნაცისტური ანტირუსული ინსტინქტი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ აფხაზეთის ომის დასრულებიდან სულ მალე, იგივე „უნა-უნსოელები“ ჩეჩნეთში აღმოჩნდნენ, იმ ტერორისტების გვერდით, რომლებსაც ვითომ აფხაზეთში ებრძოდნენ. შეგახსენებთ, რომ ჩეჩენმა ტერორისტებმა აფხაზეთში ყველაზე უფრო სისხლიანი კვალი დატოვეს; ქართველების დაუძინებელი მტერი, შამილ ბასაევი რად ღირს მარტო, თუმცა არც სხვა საველე მეთაურები, მათი „პრეზიდენტიანად“ , აკლებდნენ ხელს. აი ამ ტერორისტებთან - ქართველების მტრებთან ერთად იბრძოდნენ უკრაინელები და მათ სულ არ ადარდებდათ, რამდენ ქართველს გამოჭრეს ყელი ნაძირალა ტერორისტებმა, რომლებიც საბოლოოდ მხოლოდ ვლადიმირ პუტინმა და მამა-შვილმა კადიროვებმა ამოძირკვეს.

აი ასე, რუსეთის სიძულვილზე აგებული მეგობრობისა არაფერი დაიჯერება! ყველა ქართველ მებრძოლს მივმართავ, ვისაც ნამუსზე არ აქვს ხელი აღებული და ფულის გამო არ მიდის უკრაინაში, არამედ ჰქგონია, რომ სიკეთეს ემსახურება: ნუ შესწირავთ თავს „ბანდერელებს“! გაიხსენეთ მართლაც შესანიშნავი ქართველი მებრძოლი გიორგი სარალიძე, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში, დონეცკის აეროპორტში დაიღუპა უკრაინელების ღალატის გამო - იმ უკრაინელებისა, რომელთა ინტერესებისთვისაც იგი იბრძოდა! დეტალებს მე ნუ მკითხავთ, თქვენმა კოლეგებმა კარგად იციან...

საქართველოს მთავრობას კი მინდა, ვკითხო, უბრალოდ, ინტერესის გამო: ახლა რომ უკრაინაში თქვენი პარლამენტის რუსოფობი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, იგივე „ბოზი ალეკო“, ბრძოლის იმიტაციას ეწევა, ისიც პოტენციური გმირია, ნაღმზე შემთხვევით რომ ცხვირი მოუხვდეს და მოძვრეს? ქართველ მკითხველს შეხსენება არ სჭირდება, ბევრს კარგად ემახსოვრება, „ბოზმა ალეკომ“ 2010 წელს როგორი პროვოკაცია მოაწყო აქუბარდიას ტელესტუდიაში და, მის ცოლთან ერთად, სააკაშვილის დამქაშებს როგორ დააჭერინა მართლმადიდებლური მოძრაობის ახალგაზრდა წევრები და მათი ლიდერი, ლევან ჩაჩუა!

მაშ, ასე: უკრაინელების მადლიერნი უნდა ვიყოთ და სისხლი ვღვაროთ ქართველებმა? - არავითარ შემთხვევაში!

გულბაათ რცხილაძე