საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მეოთხე ქართველი მოხალისე მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი 31 მარტს, გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ასევე ანთებული სანთლებით დახვდნენ მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გობეჯიშვილი, 26 მარტს, უკრაინის დედაქალაქის, კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ირპინში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა.
იგი უკვე უკრაინაში დაღუპული მესამე ქართველი მებრძოლია, რომელიც სამშობლოში ჩამოასვენეს. კიდევ ერთი დაღუპულის, ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. იგი აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ მარიუპოლის დაცვას შეეწირა.