„ქრისტიან-დემოკრატებმა“ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს
მიზეზი ამისა ის გახდა, რომ ფრაქციამ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების ტონი მთელი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელად მიიჩნია. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 26 მაისის უბედურებამდე რამდენიმე დღით ადრე „ქრისტიან-დემოკრატები“ ამბობდნენ, რომ არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირდა ნებისმიერი, თუნდაც, ყველაზე მაღალი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, მათ შორის, არც აღლუმის ჩასატარებლად და ხელისუფლებას სთხოვდნენ, არ ჩაეტარებინა აღლუმი. „თქვენ სთავაზობდით მომიტინგეებს ნებისმიერ ადგილს, რუსთაველის გამზირის გარდა მიტინგის ჩასატარებლად; ჩვენ კი გთავაზობდით ნებისმიერ ადგილს, რუსთაველის გამზირის გარდა, აღლუმის ჩასატარებლად. რუსთაველის გამზირისთვის ამ პარანოიდულ ბრძოლაში მივიღეთ კატასტროფული შედეგი“, – განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, მას ჰქონდა იმედი და მოლოდინი, რომ „დაღვრილი სისხლი და ტრაგედია დღეს ამ დარბაზს საერთო სინანულში მაინც გააერთიანებდა.
„თუმცა, სამწუხაროდ, ცინიზმს, სიძულვილს ხედავს, და ვრწმუნდები იმაში, რომ საუბედუროდ, ამ სისხლმა უხილავი ზღვარი გაავლო ჩვენ შორის“, – დასძინა თარგამაძემ.
ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, პარლამენტის დღევანდელ სხდომათა დარბაზში ჯდომა და უმრავლესობის კომენტარების მოსმენა შეურაცხმყოფელია პირადად მისთვის, მისი მეგობრებისთვის, დაღუპულთა ხსოვნისა და მთლიანად ქართველი საზოგადოებისთვის.
„იქნებ, ამით მაინც დაგანახვოთ, საით მიდის ხელისუფლება, რომელიც კარგავს ადამიანურ სახეს და იქცევა სასტიკ მონსტრად; მონსტრად, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს არა მარტო ცალკეული მოქალაქის სიცოცხლეს, არამედ მთელ ქართულ სახელმწიფოს“, – მიმართა თარგამაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.