საზოგადოება
ნინო ბურჯანაძე: „ფრთხილად იყოს ხელისუფლება, ქვეყანა ხელში არ შემოგვეფშვნას“

nino_burjanadze6„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ოფისში „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა. მედიისთვის საბჭოს წევრებმა ირაკლი ბათიაშვილმა და ნინო ბურჯანაძემ კომენტარები გააკეთეს. ირაკლი ბათიაშვილმა საბჭოს სახელით მადლობა გადაუხადა პრესის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ობიექტურად გააშუქეს 26 მაისის მოვლენები.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კი განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისა და რიგი ტელეკომპანიებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ორ სარჩელს ამზადებს. „მე შევიტან სარჩელს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი იტყუებიან და თუ ისინი დაამტკიცებენ, რომ არ იტყუებიან, მაშინ რატომ არ აღკვეთეს მათ დროულად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ასევე, მეორე სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში შევიტან ტელეკომპანიებისა და რიგი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირი თანამონაწილენი არიან იმ ქმედებებისა, რასაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება საზღვარგარეთ პიარისთვის უზარმაზარ თანხებს ხარჯავს, ამ მხრივ მას მძიმედ აქვს საქმე“.

ამასთან, ბურჯანაძე რუსეთის „პირველი არხით“ გასულ ფილმსაც გამოეხმაურა, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩეჩენი მებრძოლების მფარველობაზე საუბრობს. „სამწუხაროდ, ფილმი არ მინახავს, მაგრამ მე არაერთხელ გამიფრთხილებია მიხეილ სააკაშვილი, რომ ფრთხილად ყოფილიყო იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებზეც, როგორც ვიცი, ოქრუაშვილმა ამ ფილმში ისაუბრა. კერძოდ, იგივე ჩერქეზების გენოციდის აღიარების საკითხთან დაკავშირებით. ფრთხილად იყოს ხელისუფლება, ქვეყანა ხელში არ შემოგვეფშვნას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.