საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. არავინ ვაპირებთ, რომ პრეზიდენტს შევყვეთ კინკლაობის მცდელობაში, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელჩის თანამდებობაზე მთავრობის მხრიდან წარდგენილი ყველა კანდიდატის დანიშვნას ხელი მოაწერა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასული წლის ივნის-ივლისში და წელს პრეზიდენტმა ჯამში, მთავრობის წარდგინებით 5 ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევას არ მოაწერა ხელი.
„ვსაუბრობთ ფაქტებით, ფაქტები კი არის შემდეგი - გასული წლის ივნის-ივლისში, პრეზიდენტს მთავრობისგან ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით სამი წარდგინება გაეგზავნა და დღემდე არცერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი. გასულია, თითქმის, ერთი წელი, შესაბამისად, პრეზიდენტმა მათ დანიშვნაზე უარი განაცხადა. ამ ნაწილში უკვე არასწორი ინფორმაცია გვაქვს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ასევე, წელს, დაახლოებით 2-3 კვირის წინ მთავრობამ გააგზავნა წარდგინება ორი ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, არათუ უპასუხოდ დატოვა ეს წარდგინება, პირდაპირ წერილობით უარი აქვს ნათქვამი. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული, ოფიციალური მიმოწერა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, შესაბამისად, რატომ დასჭირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გაუგებარია. აშკარაა, რომ პრეზიდენტმა დაიხია უკან. ხვდება, რომ ელჩების დანიშვნა და გათავისუფლება არ არის პრაქტიკული თვალსაზრისით მისი კომპეტენცია და ამიტომ უწევს, როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ჯამში, 5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე თქვა უარი. ამ წერილობით უარში, რომელიც წელს გამოიგზავნა, არის მოცემული უარის ე.წ. არგუმენტები. თავისთავად ის, რომ ასეთ პოლიტიკურ არგუმენტებს აბრუნებს პრეზიდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს არასწორად აქვს გაგებული მისი კომპეტენცია ელჩების დანიშვნის სფეროში. როდესაც მიზანშეწონილობის ნაწილში იჭრება პრეზიდენტი, ეს მთლიანად მთავრობის პრეროგატივაა. საგარეო პოლიტიკის განხორციელება არის მხოლოდ მთავრობის კომპეტენცია. როდესაც საკუთარი ე.წ. არგუმენტებით პრეზიდენტი იჭრება საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში და მსჯელობს იმაზე, რა არის მიზანშეწონილი და რა არა, ეს თავისთავად მეტყველებს დამატებით იმაზე, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტს აქვს მინიჭებული ერთი მხრივ, ცერემონიული, სიმბოლური და მეორე მხრივ, სამართლებრივი კომპეტენცია ელჩების დანიშვნის ნაწილში.
„სამართლებრივი ნიშნავს იმას, რომ როდესაც მას წარედგინება ელჩის კანდიდატურა, ის ამოწმებს სამართლებრივად ხომ არ არ არის რაიმე ხარვეზი ამ წარდგინებაში. არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, არამედ სამართლებრივ ხარვეზს. თუ დაადგენს, რომ სამართლებრივად ხარვეზით იყო წარდგენილი, შეუძლია არ დანიშნოს, მაგრამ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ვერ იმსჯელებს პრეზიდენტი. ვერ იმსჯელებს იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში სჯობს ამა თუ იმ კანდიდატის დანიშვნა ელჩად. ჩვენ განვაცხადეთ საჯაროდ, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და ამ სარჩელის მიზანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმის დადგენა, თუ როგორ უნდა განიმარტოს ესა თუ ის კომპეტენცია. ამ შემთხვევაში, ელჩის დანიშვნის კომპეტენცია. არავის სჯის საკონსტიტუციო სასამართლო, ერთადერთი, რასაც გააკეთებს, ეს არის კომპეტენციის შინაარსის განმარტება. თუ ვინმეს აქვს მცდელობა კინკლაობაში ჩაგვითრიოს, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ერთადერთი, რასაც მოვითხოვთ, ეს იქნება კონსტიტუციის სათანადო განმარტება“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნად წარდგენილ ყველა კანდიდატურას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.
„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ „გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა“, სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, დანიშვნასთან დაკავშირებული რამდენი განაცხადი შევიდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რამდენი დაკმაყოფილდა სალომე ზურაბიშვილის მიერ და რამდენი კანდიდატურის დანიშვნაზე ითქვა უარი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ელჩების თანამდებობაზე 12 კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი 12-ვე კანდიდატურის დანიშვნაზე შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა.