საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება „არამეგობრული“ ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდოს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირის ყველა ქვეყანისა და შეერთებულ შტატების მოქალაქეებიც არიან.
„რიგი უცხო სახელმწიფოების „არამეგობრული“ ქმედებების საპასუხოდ, სავიზო ზომების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი მუშავდება“, - აღნიშნა ლავროვმა სატელევიზიო გამოსვლაში.
მან დასძინა, რომ ეს აქტი რიგ შეზღუდვებს დააწესებს რუსეთში შესვლაზე.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციების შემდეგ, ოფიციალურმა მოსკოვმა გააფართოვა თავისი „არამეგობრული“ ქვეყნების სია. ამჟამად სია მოიცავს აშშ-ს, ავსტრალიას, კანადას, დიდ ბრიტანეთს, ახალ ზელანდიას, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასა და კიდევ რამდენიმე სხვას.
interpressnews.ge