სამართალი
ბჟანია მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრს და ვიცე-პრემიერს შეხვდა

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის ლიდერი, ასლაბ ბჟანია 25 მარტს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა.

ლავროვთან შეხვედრაზე ბჟანიამ ოკუპირებული რეგიონის მხარდაჭერა გამოხატა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ.

„ჩვენი ხალხის უმეტესობა მხარს უჭერს ამ აუცილებელ ზომას“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის მოსახლეობას ესმის ე.წ. „სპეცოპერაციის“ მნიშვნელობა.

აფხაზეთის ლიდერმა გაიხსენა, რომ სოხუმმა აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა და მის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. ამას გარდა, ბჟანიას თქმით, აფხაზეთმა ორივე რეგიონიდან ევაკუირებული 150 ადამიანი შეიფარა.

„მზად ვართ დავეხმაროთ თავდაცვის სამინისტროს და სპეცსამსახურების მეშვეობით“, – დასძინა მან.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უთხრა ბჟანიას, რომ „ჩვენ, როგორც მოკავშირეები, ერთად უნდა ვიდგეთ ისეთ პერიოდებში, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ძლიერ დაძაბულობას განიცდის დასავლეთის დაუღალავი სწრაფვის გამო, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, შეინარჩუნოს დომინანტური როლი საერთაშორისო საქმეებში, ყველაფერი დაიქვემდებაროს და დაიბრუნოს ერთპოლუსიანი მსოფლიო“.

„ეს მისწრაფებები საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაზე სერიოზულ დაძაბულობას იწვევს“, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ მოსკოვი ამას მოკავშირეებთან ერთად ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა, ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი კმაყოფილია სოხუმთან „პოლიტიკური და სამხედრო დიალოგის, სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვის თანამშრომლობის, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობის, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების“ განვითარებით.

ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის ლიდერი 25 მარტს რუსეთის ვიცე-პრემიერს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა და მასთან რეგიონის ენერგომომარაგების ოპტიმიზაციის საგზაო რუკის განხორციელების, გაზიფიკაციის სქემის შემუშავებისა და ნავთობპროდუქტების ფასების ფორმირების საკითხები განიხილა.

აფხაზეთის ლიდერი მოსკოვში 23 მარტს გაემგზავრა.

ბოლოს იგი რუსეთის დედაქალაქს 2021 წლის ოქტომბერში სტუმრობდა და მაშინ თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს, სერგეი შოიგუსა და ანტონ სილუანოვს, ასევე ვიცე-პრემიერ ნოვაკს შეხვდა. მხარეებმა ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.