სამართალი
ინალ არძინბა კრემლის ოფიციალურ პირებს შეხვდა

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, ინალ არძინბა 25 მარტს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერს, დმიტრი პესკოვს შეხვდა.

აფხაზეთის „საგარეო უწყების“ პრესსამსახურის ცნობით, პესკოვთან შეხვედრაზე არძინბამ ოკუპირებული რეგიონის საინფორმაციო საიტებისა და სისტემების განახლებაში რუსული ტექნოლოგიური დახმარება და პუტინის პრესსამსახურში აფხაზი ახალგაზრდების სტაჟირების შესაძლებლობები განიხილა.

იმ დღესვე არძინბა ვლადიმირ პუტინის მრჩეველსა და კლიმატის საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენელეს, რუსლან ედელგერიევს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა ასევე განიხილეს აფხაზეთის ხელისუფლების პერსპექტივები მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის საერთაშორისო სადისკუსიო პლატფორმებში მონაწილეობის შესახებ.

არძინბა მოსკოვში 22 მარტს გაემგზავრა და მას შემდეგ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანს, დმიტრი მეზენცევს შეხვდა. ეს უკვე არძინბას მეორე ვიზიტია მოსკოვში ბოლო ორ თვეში.